Thumbnail

პსჟ-მ მოყვარულები გაანადგურა, მბაპემ საკლუბო რეკორდი დაამყარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პეი დე კასელი 0:7 პსჟ
  • კილიან მბაპემ საფრანგეთის მე-6 დივიზიონში მოთამაშე მეტოქეს 5 გოლი გაუტანა

პსჟ-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ერთ მატჩში გატანილი გოლების მხრივ საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ეს საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში მოხდა, რომლის ეგიდითაც პარიზულმა გრანდმა მე-6 დივიზიონის წარმომადგენელი სამოყვარულო კლუბი პეი დე კასელი 7:0 გაანადგურა, მბაპემ კი მეტოქის კარი 5-ჯერ დალაშქრა.

საინტერესოა, რომ ყველა შემთხვევაში, კილიანს ასისტენტობა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაუწიეს. ესენი ნუნუ მენდეში, დანილუ პერეირა, ვიტინია, ნეიმარი და კარლოს სოლერი იყვნენ.

მბაპეს აქტივში ერთი საგოლე პასიც იყო, თითო გოლი კი ნეიმარმა და სოლერმა შეაგდეს. ცნობისთვის, აქამდე ერთ მატჩში 5 გოლის გატანა პსჟ-ს ვერცერთ მოთამაშეს მოეხერხებინა. თავად კილიან მბაპესაც თამაშში მაქსიმუმ 4 გოლი ჰქონდა აქტივში.

საფრანგეთის თასის მერვედფინალში პსჟ-ს მარსელის (რენს 1:0 სძლია) სახელით გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება. ეს მატჩი 8 თებერვალს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები