Thumbnail
  • მოტორ სიტი კრუიზი 134:130 (OT) ვისკონსინ ჰერდი
  • 23 წლის ქართველი ფორვარდის მორიგი მაგარი მატჩი G ლიგაში
  • მამუკელაშვილი შედეგიანობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო 

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილის ვისკონსინ ჰერდი სტუმრად მოტორ სიტი კრუიზსთან ოვერტაიმში დამარცხდა. 23 წლის ქართველი ფორვარდი, რომელიც ჰერდს მილუოკი ბაქსიდან ეხმარება, შედეგიანობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 41 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 12 მოხსნა (6-6 შეტევასა და დაცვაში) მიითვალა, რასაც 3 პასი და 1 ჩაჭრაც დაუმატა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა, საიდანაც 11 ზუსტი იყო (3-იდან 2 სამქულიანი ჩააგდო). ამას გარდა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ კი დაჯარიმდა, მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი კი 4 იყო. 

ვისკონსინ ჰერდის ტვიტერმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა. 

ვისკონსინ ჰერდს რეგულარულ ჩემპიონატში 4 მოგება და 6 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-10 ადგილს იკავებს. პლეი ოფში თამაშს კონფერენციიდან 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ მოტორ სიტი კრუიზთან, 26 იანვარს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები