Thumbnail

'ამაზე არც კი გვიფიქრია' - 6 ერის ბოსი ტურნირის გაფართოებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

6 ერის აღმასრულებელი დირექტორის ბენ მორელის განცხადებით, ტურნირის გაფართოება არ იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში შეჯიბრში ახალი ნაკრებების, მათ შორის, საქართველოს ჩართვას არ უნდა ველოდეთ.

პრესტიჟული ტურნირში ახალი მონაწილეების დამატებაზე ან 6 ერში დაქვეითება-აღზევების წესის შემოღებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამ კონტექსტში “ბორჯღალოსნებს” ყველაზე ხშირად ახსენებდნენ, ბოლო პერიოდში კი პირველ პლანზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა გამოვიდა.

აფრიკული კლუბები გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატსა და  ჩემპიონთა თასზე დაუშვეს და იყო იმედი, რომ ეს 6 ერის გაფართოებისკენ პირველი ნაბიჯი იყო, თუმცა, მორელის კომენტარიდან გამომდინარე, სხვა სურათი იქმნება.

ბენ მორელის კომენტარიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები 6 ერში დაშვებას არ უნდა ელოდეს

ბენ მორელი: “გარკვეული დინამიკა იყო, თუმცა, საკლუბო რაგბი სხვაა. აფრიკულ კლუბებს განვითარებისთვის მეტი არეალი სჭირდებოდათ. ინტერესი სანაკრებო შეჯიბრების მიმართაც ჰქონდათ, მაგრამ ამ საუბრებში არ ვმონაწილეობთ. მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ სწორი სათამაშო ბალანსი შევინარჩუნოთ და ეს, საბოლოო ჯამში, განვითარებად ქვეყნებსაც წაადგებათ. 6 ერში გუნდების გაზრდაზე არ გვილაპარაკია და არც ვინმეს დაქვეითებას ვაპირებთ. ამას სჯობს, რომ ივლისისა და ნოემბრის ტესტები უფრო კარგად დაიგეგმოს და მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. 6 ერი ფოკუსირებას ამაზე ახდენს, აღნიშნული საკითხი კი არც ახლა განგვიხილავს და არც – ადრე”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გასული წელი ისტორიული გამოდგა, რადგანაც ტესტებში 6 ერის ერთბაშად ორ წარმომადგენელს აჯობა: შინ – იტალიას და სტუმრად – უელსს. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, როგორც ხედავთ, 6 ერის ხელმძღვანელობაზე მომხდარს ზეგავლენა არ მოუხდენია.

მოახლოებული ტურნირი სტარტს 4 თებერვალს აიღებს და მასში უკვე ტრადიციულად მხოლოდ 6 ნაკრები იქნება ჩართული. პირველი ტურის წყვილები ასე გამოიყურება: უელსი-ირლანდია, ინგლისი-შოტლანდია, იტალია-საფრანგეთი.

კომენტარები

ბოლო ამბები