Thumbnail

სულამანიძე V კრპალეკი? JUDOINSIDE წლის პირველი გრან პრის მთავარ ინტრიგაზე წერს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ძიუდოისტის სავარაუდო მეტოქეთა შორის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიცაა
  • ალმადას გრან პრი 27 იანვარს დაიწყება და ილიას სულამანიძეს პირველი განთესვა აქვს

2023 წლის პირველი ტურნირი ძიუდოში 27 იანვარს პორტუგალიაში აიღებს სტარტს და უმთავრესი ყურადღება 100 კგ-მდე წონით კატეგორიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც პირველ ნომრად მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე იქნება განთესილი.

ამის შესახებ პოპულარული ვებ-გვერდი Judo inside წერს და მიზეზსაც ასახელებს: სულამანიძის გარდა ხომ ალმადას გრან პრიზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იასპარეზებს, რომელმაც მძიმე წონიდან 100 კგ-ში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ეცდება, პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების დაგროვება ახალ წონაში დაიწყოს.

JUDOINSIDE 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მაგარ ბრძოლას ელის

“მოახლოებული შეჯიბრის მთავარი სანახაობა 100 კგ-მდე წონითი კატეგორია უნდა იყოს, სადაც არაერთი სახელოვანი ძიუდოისტის გამოსვლას უნდა ველოდეთ. პირველ რიგში ეს წონის ლიდერი ილია სულამანიძეა, რომელიც ეცდება დაამტკიცოს, რომ სათავეში დამსახურებულად იმყოფება. არადა, კონკურენტები მრავლად ეყოლება.

მათ შორის, უმთავრესი, ალბათ ჩეხი ლუკას კრპალეკია, 2016 და 2021 წლების ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ისევ მშობლიურ წონაში დაბრუნდა. კრპალეკს 100 კგ-ში ახალგაზრდული და დიდების მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული და პირველი ოლიმპიური ოქროც ამ წონაში მოიპოვა, ამდენად, ისევ სერიოზული ამბიციები ექნება. ახალგაზრდა სულამანიძისთვის მასთან პაექრობა დიდი გამოწვევა უნდა იყოს.

კარგ ფორმაში იმყოფება ნიდერლანდების ნაკრების წევრი სიმეონ კატარინა და მედლის აღების შანსი რუმინეთის სახელით მოასპარეზე კუბელ ეშლი გონსალესსაც ექნება, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უმაგრებს ზურგს, გრან პრიზე კი, მე-4 განთესვა ექნება. პორტუგალიელ ქომაგებს მართლაც კარგი სანახაობა ელით, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტატამიზე ვერ ვიხილავთ მათ მთავარ ფავორიტს, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკას”.

შეგახსენებთ, რომ ალმადას გრან პრი 27-29 იანვარს ჩატარდება და მასზე 81 ქვეყნის 557 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, საქართველო კი 12 მონაწილით იქნება წარდგენილი: გიორგი სარდალაშვილი 60 კგ.), გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია (ორივე – 66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები