Thumbnail

სანქციები გრძელდება - უეფას სუპერთასი 2023 რუსეთში აღარ ჩატარდება

  • უეფას სუპერთასის მატჩი 2023 წლის აგვისტოში ყაზანში უნდა ჩატარებულიყო
  • უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შეხვედრის მასპინძელი რუსეთი ვეღარ იქნება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

რუსეთის ქალაქი ყაზანი წელს უეფას სუპერთასის მატჩს არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს, რომლის ცნობით. უეფამ ახალი მასპინძლის მოძიება უკვე დაიწყო.

უეფას 2020 წლის გადაწყვეტილებით, უეფას სუპერთასის შეხვედრა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე, “აკ ბარს არენაზე” 2023 წლის აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესდა. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ომის გამო, რუსეთის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან, სანკტ-პეტერბურგს კი უკვე ჩამოართვეს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება. საბოლოოდ მატჩი პარიზში ჩატარდა.

2022 წელს უეფას სუპერთასის მფლობელი მადრიდის რეალი გახდა

2023 წელს უეფას სუპერთასის მატჩის მასპინძლობა, რომელშიც 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები უნდა შეხვდნენ, ალბანეთის ფეხბურთის ასოციაციას ტირანაში სურდა, მაგრამ ხმის მიცემამდე კანდიდატურა მოხსნა. 

უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება. ტიტული ყველაზე მეტჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული - ხუთ-ხუთჯერ. შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტს აჯობა (2:0).

კომენტარები

ბოლო ამბები