Thumbnail

მილანი ლაციოსთან განადგურდა - ნაპოლის უპირატესობა 12 ქულაა!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაციო 4:0 მილანი
  • მილანმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩი ვერ მოიგო
  • პირველი წრის შემდეგ ნაპოლის უპირატესობა 12 ქულაა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იტალიის სერია A-ს მე-19 ტური და შესაბამისად, პირველი წრე რომში, ლაციოსა და მილანის მატჩით დასრულდა, რის შედეგადაც ნაპოლის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და უკვე 12 ქულას მიაღწია!

მილანი "სტადიო ოლიმპიკოზე" მაურიციო სარის ლაციოსთან შერცხვა და 0:4 განადგურდა! "არწივებმა" იტალიის მოქმედი ჩემპიონი არ დაინდეს და სრულიად დამსახურებულად აჯობეს სოლიდური სხვაობით. პირველივე ტაიმში თამაშის ინტრიგა გაქრა, როდესაც სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა და მატია ძაკანიმ ორი გოლი გაიტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ ლუის ალბერტომ და ფელიპე ანდერსონმა ლომბარდიელთა განადგურება გააფორმეს.

ზოგადად, მილანისთვის 2023 წელი კატასტროფულად დაიწყო, რადგან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო 4 იანვარს, სალერნიტანასთან, მას მერე კი 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს: იტალიის ჩემპიონატში რომასთან და ლეჩესთან ფრეები ითამაშა (ორჯერვე 2:2), იტალიის თასზე ტორინოსთან წააგო (0:1) და ტურნირს გამოეთიშა, იტალიის სუპერთასზე კი ინტერთან განადგურდა (0:3). ასე რომ, ბოლო ორ შეხვედრაში "როსონერი" დამარცხდა, თან გოლიც არ გაუტანია და 7 გოლი გაუშვა... სიტუაცია მართლაც საგანგაშოა.

ლაციოს ბრწყინვალე თამაში მილანთან

მიუხედავად ამისა, მილანი მაინც ინარჩუნებს სერია A-ში მე-2 ადგილს, რადგან 38 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს ინტერის, ლაციოსა და რომას ტრიოს, რომელთა აქტივში 37-37 ქულაა. მომდევნო ტურში იტალიის ჩემპიონი სასუოლოს შეხვდება, ხოლო ლაციო ფიორენტინას.

სერია A-ში პირველი წრე დასრულებულია, სეზონის ზუსტად ნახევარი და ნაპოლის ძალიან კომფორტული უპირატესობა აქვს, ისეთი, ამ კლუბის ნებისმიერი გულშემატკივარი რომ ინატრებდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 12 ქულით უსწრებს მილანს, 13-13 ქულით ინტერს, ლაციოსა და რომას, რაც ცხადია დიდი ფორაა და ყველაფერი ნეაპოლელთა ხელთაა - სავსებით მართალი იყო ლუჩანო სპალეტი ბოლო მატჩის შემდეგ, როდესაც თქვა, ვიცით, სკუდეტოს მოგების განუმეორებელი შანსი გვაქვსო...

ლაციო 4:0 მილანი

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 2:0 ძაკანი (38), 3:0 ლუის ალბერტო (67. პენ), 4:0 ფელიპე ანდერსონი (75)

ლაციო (4-3-3): პროვედელი - ჰისაი, კაზალე, რომანიოლი, მარუშიჩი (78. ლაძარი) - მილინკოვიჩ-სავიჩი (82. ბაშიჩი), კატალდი (87. ანტონიო) , ლუის ალბერტო - პედრო (78. რომერო), ფელიპე ანდერსონი, ძაკანი.

მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ - კალაბრია, კალულუ, ტომორი (24. კიაერი), დესტი - ბენასერი, ტონალი - მესიასი (59. სელმაკერსი), დიასი (59. დე კეტელარე), ლეაო (79. რებიჩი) - ჟირუ (59. ორიგი).

კომენტარები

ბოლო ამბები