Thumbnail

მემფისთან და პორტლენდთან ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ლეიკერსმა ისევ მარცხი იწვნია - ამჯერად ლოსანჯელესურ დერბიში (115:133) და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლეობრონ ჯეიმსს ისტორიული დღე ჰქონდა.

ერთის მხრივ, ლებრონმა 9 ჩაგდებული სამქულიანით (14 მცდელობიდან) კარიერის ახალი პირადი რეკორდი დაამყარა, მეორე მხრივ კი კლიპერსს 46 ქულა ჩაუგდო. ეს იმას ნიშნავს, რომ 38 წლის სუპერვარსკვლავს ახლა უკვე NBA-ს ყველა გუნდთან მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს ჩაგდებული 40 ან მეტი ქულა, რაც ლიგის ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. ჰო, კიდევ ერთი: სხვათა შორის, ჯეიმსს კარიმ აბდულ-ჯაბარის ყველა დროის რეკორდამდე ახლა უკვე მხოლოდ 177 ქულა აკლია.

ლებრონს კლიპერსთან 8 მოხსნა და 7 ასისტიც ჰქონდა. მას თანაგუნდელების მხარდაჭერა აკლდა. ჯეიმსის გარდა ლეიკერსიდან მხოლოდ თომას ბრაიანტი (15 ქულა, 7 მოხსნა) და რასელ ვესტბრუკი (17 ქულა) გადასცდნენ 10-ქულიან ზღვარს. აქვე ვთქვათ, რომ ვესტბრუკმა კარიერაში 24 000-ქულიანი ზღვარიც გადალახა.

რაც შეეხება თამაშს: კლიპერსი თავიდანვე დომინირებდა და ჯამში სამქულიანების 50 პროცენტი ჩააგდო (19/38). პირველი ტაიმის შემდეგ კლიპერსი ლეიკერსს უკვე 23-ქულიანი უპირატესობით უგებდა. მეოთხე მეოთხედში ლეიკერსმა ჩამორჩენა 10 ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ კლიპერსმა მეტოქეს მეტი აღარაფერი გააბედინა. გუნდიდან საუკეთესოები პოლ ჯორჯი (27 ქულა, 9 მოხსნა) და კავაი ლეონარდი (25, 9 მოხსნა) იყვნენ. სათადარიგოებიდან შესანიშნავი თამაში ჰქონდათ ნორმან პაუელს (22 ქულა, 4/5 სამქულიანი) და რეჯი ჯეკსონს (19, 4/7).

კლიპერსს ლეიკერსთან ახლა უკვე ზედიზედ 10 თამაში აქვს მოგებული, ლიგაში კი 26 მოგებითა და 24 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. ლეიკერსს 22 გამარჯვება და 26 მარცხი აქვს - ლებრონის გუნდი მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები