Thumbnail

იგა შვიონტეკი დიდი ხანია, გავარდა, მაგრამ პოლონეთს მაინც ჰყავს თავისი წარმომადგენელი წლის პირველი დიდი სლემის ნახევარფინალში.

მაგდა ლინეტმა ავსტრალიის ღია პირველობაზე სენსაციური ასპარეზობა არც მეოთხედფინალში შეწყვიტა, კაროლინა პლიშკოვა ორ სეტში, 6:3, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს, რაც მის კარიერაში ბრწყინვალე შედეგია. ლინეტი 30 წლისაა, 2009 წლიდან პროფესიონალი ჩოგბურთელია, მაგრამ დიდი სლემის ტურნირებზე მისთვის საუკეთესო მიღწევა აქამდე მესამე წრეში ასპარეზობა იყო.

“ეს ისეთი ემოციური მომენტია, ვერც ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. მადლობელი და ბედნიერი ვარ ამ მომენტის გამო,” - თქვა მაგდა ლინეტმა პლიშკოვას დამარცხების შემდეგ, - “ეს დღე ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.”

ლინეტი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ბელარუს ჩოგბურთელ არინა საბალენკას შეხვდება, რომელმაც ხორვატი დონა ვეკიჩი 6:3, 6:2 დაამარცხა. 24 წლის საბალენკას წელს 9 მატჩი აქვს ჩატარებული და სეტი ჯერ არ წაუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები