Thumbnail

21 წლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სრულად მომჯობინდა და უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში რომასთან მატჩში მინდორზე იქნება.

“ნაპოლის 77-ე ნომერი მზადაა, რომ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს. მას მოურინიოს რომასთან მატჩში უნდა ველოდეთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა გუნდის დღევანდელი ვარჯიშისას საერთო ჯგუფში იქნება და სრულფასოვნად დაიტვირთება. ამდენად, სპალეტის შეუძლია აღადგინოს შემტევი ტრიო ქართველის, ოსიმენისა და პოლიტანოს შემადგენლობით. სავარაუდოა, რომ ისევ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს გადასვლა ელმასს, რომელიც ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა”, - წერს Anteprima24.

შეგახსენებთ, რომ გრიპის გამო, ქართველი ფეხბურთელი დაახლოებით ერთი კვირა, ფაქტობრივად, უქმად იყო და ვერც ბოლო ორ შეხვედრაში ითამაშა კრემონეზესა (იტალიის თასზე) და სალერნიტანას (სერია A-ში) წინააღმდეგ.

ნაპოლი რომასთან ტრადიციული შემადგენლობით ითამაშებს

გუშინ ხვიჩამ წვრთნის პირველ ეტაპზე გუნდთან ერთად სპორტულ დარბაზში ივარჯიშა, მერე კი მოედანზე უკვე ინდივიდუალურად ემზადებოდა. მანამდე, იტალიური მედია იმასაც წერდა, რომ კვარაცხელიამ დასვენების დღეც სავარჯიშოდ გამოიყენა, რათა სათანადო კონდიციაში დაბრუნება სწრაფად მოეხერხებინა.

სხვათა შორის, ნაპოლისა და რომას მატჩზე პროგნოზის გაკეთება ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ ითავა და თამაშის შედეგი კონკრეტულად კვარაცხელიას დაუკავშირა: “თუკი ის მინდორზე იქნება, ნაპოლი 3:0-ს მოიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მატჩი 2:0 დასრულდება”.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს პირველი წრის შემდეგ 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ მილანს უკვე 12 ქულით უსწრებს, რომასთან მატჩი კი 29 იანვარს ნეაპოლში გაიმართება. კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 ოფიციალურ შეხვედრაში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

კომენტარები

ბოლო ამბები