- ჯოკოვიჩი 6:1, 6:2, 6:4 რუბლიოვი
- ნოვაკს ავსტრალიის ღია პირველობაზე 2018 წლის შემდეგ არ წაუგია
- AUS OPEN | ლინეტის სასწაული გრძელდება - პოლონელი ნახევარფინალშია
35 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე შთამბეჭდავ ასპარეზობას აგრძელებს და მელბურნში საიუბილეო მე-10 ტიტულამდე 2 მოგებაღა აშორებს.
ჯოკოვიჩმა მეტოქის წინააღმდეგობა არც მეოთხედფინალში შეიმჩნია და რუსი ანდრეი რუბლიოვი 6:1, 6:2, 6:4 გაანადგურა. სერბმა ვარსკვლავმა დიდი სლემის ნახევარფინალში კარიერაში 44-ედ გააღწია, კონკრეტულად ავსტრალიაში 2018 წლიდან არ წაუგია და ნახევარფინალამდე მეათედ მივიდა, წინა 9 შემთხვევაში კი, გამარჯვებული რჩებოდა.
საინტერესოა ისიც, რომ ნოლეს წლის პირველ სლემ-ტურნირზე კვლავაც მხოლოდ 1 სეტი აქვს წაგებული ფრანგ ენზო კუაკოსთან, ესპანელ კარბალეს ბაენას, ბულგარელ დიმიტროვს, ავსტრალიელ დე მინორსა, ახლა უკვე რუბლიოვს კი, “მშრალზე” მოუგო.

რუსი ჩოგბურთელი საკუთარი თამაშით ძალიან უკმაყოფილო იყო და ლამის ყოველი გადასვლისას მშობლიურ ენაზე იგინებოდა. როგორც სჩანს, ანდრეი ასეთ ფიასკოს არ ელოდა. საინტერესოა ისიც, რომ რუბლიოვმა დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში მეშვიდედ ითამაშა და მეშვიდე მარცხი განიცადა.
Australian Open-ის ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ამერიკელი ტომი პოლი იქნება, რომელმაც დღესვე თანამემამულე ბენ შელტონს 7:6 (8:6), 6:3, 5:7, 6:4 სძლია, სლემ-ტურნირზე საუკეთესო ოთხ ჩოგბურთელს შორის პირველად მოხვდა და მომავალი კვირიდან რეიტინგის TOP 20-ში იქნება. ფინალის მე-2 საგზურისთვის ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი კარენ ხაჩანოვი იბრძოლებენ. კაცთა ბადის ნახევარფინალები 27 იანვარს შედგება.
კომენტარები