- ევროპული საფეხბურთო სეზონის ნახევარი დასრულდა
- ხვიჩა კვარაცხელია კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ზაფხულში, როცა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადავიდა, ამაზე ოცნებაც ძნელი იყო - დღეისთვის, 21 წლის ქართველი შემტევი ევროპული საკლუბო ელიტის წევრია. ის უბრალოდ საუკეთესოა იტალიის ჩემპიონატში, TOP 5 ქვეყანაში ათეულთან ახლოსაა, 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის კი სულაც კონტინენტის ლიდერია. ამაზე უკეთეს დებიუტს ფეხბურთის ისტორია იშვიათად წერს.
ევროპის TOP 5 საფეხბურთო ქვეყნის ლიგებში სეზონის შუაწელია - სერია A-ში, ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ში პირველი წრეები მორჩა, პრემიერლიგაში ერთი ტურით მეტი გაიმართა, ლა ლიგაში - ერთით ნაკლები. მოკლედ, ევროპული საფეხბურთო სეზონის ეკვატორზე გარკვეული დასკვნების გამოტანაც შეიძლება.

დღეს ევროპის საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთს ყველაზე სრულყოფილად ანალიტიკური საიტი WhoScored აფასებს. ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის 19 მატჩიდან 15 ითამაშა, მან 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. WhoScored -ის მიხედვით, მისი თამაშის საშუალო შეფასება - 7.55 ქულაა 10-ბალიანი სისტემით. ეს კი ევროპულ ელიტაში (TOP 5 ლიგები: ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მე-11 შედეგია. ხვიჩას სულ რაღაც 0.04 ქულა აშორებს საუკეთესო ათეულს, რომელიც ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფეხბურთელები TOP 5 ლიგებში
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.45
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.77
3. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71
4. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.71
5. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.70
6. ნეიმარი (პსჟ) – 7.70
7. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.66
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.66
9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.62
10. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.59
11. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55

დაგვეთანხმებით, სუპერათეულია. ლიონელ მესი ერთადერთია, რომლის საშუალო შეფასებაც 8 ქულაზე მეტია (ბუნებრივია, მათ შორის, ვინც გარკვეული რაოდენობის მატჩები ითამაშა). ჰაალანდი ინგლისში "დაფრინავს", თუმცა საშუალო შეფასებით მესის საგრძნობლად ჩამორჩება. მეორე ადგილიდან კი უკვე სიმჭიდროვეა (ხვიჩას მე-2 ადგილზე მყოფ ჰაალანდთან 0.22 ქულა აშორებს.
ათეულში იტალიის ჩემპიონატს წარმომადგენელი არ ჰყავს. ყველაზე მეტი ფრანგული და ინგლისური ლიგებიდანაა - 4-4. ათეულში პსჟ-ს შესანიშნავი შემტევი ტრიდენტი სრულადაა წარმოდგენილი (მესი, მბაპე, ნეიმარი). ინგლისის ჩემპიონატიდან ორი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია. გერმანიულ საკლუბო ფეხბურთს კიმიხი, ხოლო ესპანურს ლევანდოვსკი წარადგენენ. მე-11 ადგილზე მყოფი კვარაცხელია სულ რაღაც 0.04 ქულით უსწრებს ჯუდ ბელინგემს, შემდეგ მოდიან ჰარი კეინი (7.49), ვიკტორ ოსიმენი (7.47), ჯამალ მუსიალა (7.47) და მარტინ ედეგორი (7.46). თავისთავად ცხადია, რომ კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესოა. გთავაზობთ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს:
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.47
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.42
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.35
5. მატია ძაკანი (ლაციო) – 7.31
6. მარიო რუი (ნაპოლი) – 7.24
7. ლუკას მარტინესი (ფიორენტინა) – 7.17
8. ლორენცო პელეგრინი (რომა) – 7.16
9. ფელიპე ანდერსონი (ლაციო) – 7.15
10. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.14

ათეულში ნაპოლის სამი ფეხბურთელია, სამია ლაციოდანაც, ორი - რომადან, თითო ფიორენტინადან და ინტერიდან და არცერთი ფეხბურთელი იუვენტუსიდან ან მილანიდან! სეზონის დასაწყისში, როცა დებიუტანტი კვარაცხელია ძალიან მაგრად ათამაშდა, ყველა მასსა და მილანის პორტუგალიელ გარემარბ რაფაელ ლეაოს შორის საუკეთესოს არჩევდა. ახლა ეს კამათი აქტუალური აღარ არის, ლეაო (8 გოლი, 5 საგოლე პასი) 7.10 ქულით მხოლოდ მე-13 პოზიციაზეა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ამ სეზონში: 7 გოლი, 7 საგოლე პასი, 2.9 დარტყმა თამაშში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - 5-ჯერ, წარმატებული დრიბლინგი - 2.2 მატჩში, მნიშვნელოვანი პასი - 1.7 - ყველა ეს სტატისტიკური მაჩვენებელი არის ელიტური.

საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატები არ არის, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო კარგი საშუალო შეფასება აქვს - 7.59, თუმცა საერთო ჩათვლაში ის მე-15 პოზიციაზეა. პირველი აქაც მესია - 8.24. ქართველ ფეხბურთელს ლიგის 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, გაგრძელება იქნება...
U21-ში საუკეთესო
იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა ასაკი 21 წელი ან ნაკლებია, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ელიტური ლიგების საუკეთესო ფეხბურთელია. 7.55 არავის აქვს. მართალია, ბენუა ბადიაშილმა ჩელსიში ძალიან მაგრად დაიწყო (7.65), მაგრამ ფრანგულ ლიგაში გაცილებით ცუდი შეფასება ჰქონდა და საშუალო მაჩვენებლით ხვიჩას ჩამორჩება.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები. TOP 5 ლიგები
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55
2. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.51
3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 7.47
4. დანგო უატარა (ლორიანი/ბორნმუთი) – 7.43
5. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.38
6. გაბრიელ მარტინელი (არსენალი) – 7.28
7. პატრიკ ვიმერი (ვოლფსბურგი) – 7.25
8. პედრი (ბარსელონა) – 7.19
9. ევან ფერგიუსონი (ბრაიტონი) – 7.18
10. ნუნუ მენდეში (პსჟ) – 7.08.
კომენტარები