Thumbnail

'ასეთი მწვრთნელი არასდროს მყოლია, გეგმა A, B და Z აქვს' - ჯაკა არტეტაზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არსენალის წარმატებული სეზონი დიდწილად მიკელ არტეტას დამსახურებაა
  • ესპანელი სპეციალისტის შესახებ გრანიტ ჯაკამ ისაუბრა

ლონდონის არსენალი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. პირველი წრის შემდეგ "მეთოფეებს" 50 ქულა აქვთ, ცხრილის ლიდერები არიან, მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებენ და თან მათზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

ლონდონელების ასეთი წარმატებული სეზონი დიდწილად მათი მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას დამსახურებაა. ესპანელი სპეციალისტი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებოდა დასახულ გეგმას და რთული სეზონების შემდეგ, ახლა, მისი გუნდი ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტია.

არტეტას შესახებ არსენალის ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა გრანიტ ჯაკამ ისაუბრა. შვეიცარიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ 40 წლის ესპანელის მსგავსი თავკაცი ჯერ არასდროს ჰყოლია და მისით ძალიან კმაყოფილია.

"გასულ სეზონში პირველი სამი შეხვედრა წავაგეთ და ზოგს მოთმინება ამოეწურა, მაგრამ ახლა ხედავთ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მწვრთნელს დროს მისცემ. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მიკელ არტეტას პირველი გუნდია, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობს. ის განსაკუთრებულია. კარიერის განმავლობაში ბევრი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ისეთი, როგორიც არტეტაა - არასდროს. შეგრძნება მაქვს, რომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთზეა ორიენტირებული. მას ყოველთვის აქვს გეგმა A და B, შესაძლოა გეგმა Z. ის არა მხოლოდ კარგი ტაქტიკოსია, არამედ მაგარი ადამიანიცაა", - განაცხადა ჯაკამ.

30 წლის შვეიცარიელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები