Thumbnail
  • ლიგა 2-მა პირველი წრის სიმბოლური გუნდი ფანების გამოკითხვით გამოავლინა
  • მეცის ქართველი ფორვარდი 9 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა

მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდი ჩემპიონატის 11 რჩეულს შორის ლიგა 2-ის საიტზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხვდა.

მიქაუტაძემ საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის 18 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბორდოს თავდამსხმელ ჯოშ მაჯას (11 გოლი, 3 ასისტი) ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 11-ეულში ის მეცის ერთადერთი მოთამაშეა.

მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა

ლიგა 2-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, მეცს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, 2 ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის ბორდოს და 11 ქულით - ლიდერ ლე ავრს. საფრანგეთის ელიტური ლიგის საგზურს ორი საუკეთესო კლუბი იღებს.

გიორგი მიქაუტაძის გუნდი მეორე წრეს ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება - 5 თამაში მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. მეცი ლიგა 2-ში მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, სტუმრად ვალანსიენთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები