Thumbnail

ერთა ლიგის და კვალიფიკაციის ახალი ფორმატი - რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დღეს ნიონში ერთა ლიგის 2022/23 სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრასთან ერთად უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელმაც საკვალიფიკაციო სისტემაში და ერთა თასზე გარკვეული ცვლილებები დაამტკიცა. ეს ცვლილებები ძალაში 2024 წლის სექტემბრიდან შედის.

"ეროვნულ ასოციაციებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ოდნავ შეიცვალოს უეფას ერთა ლიგისა და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მიმდინარე ფორმატები. ამით უეფა უზრუნველყოფს უფრო საინტერესო შეჯიბრებას ისე რომ მატჩების რაოდენობა არ გაიზრდება. ამით უეფა ხელს შეუწყობს ეროვნული ასოციაციების გაძლიერებას პანდემიის შემდეგ", - წერს უეფას ოფიციალური საიტი.

უეფას აღმასკომის დღევანდელი სხდომა

ცვლილებები ერთა ლიგაზე

1. ერთა ლიგის პლეი ოფის ახალი ეტაპი ამიერიდან მარტში გაიმართება - აქამდე ჯგუფური ეტაპი ნოემბერში ტარდებოდა, ფინალური კი - ივნისში. ამიერიდან, ნოემბერში რჩება ჯგუფური ეტაპი, მარტჩში - ერთა ლიგის ახალი პლეი ოფის ეტაპი (1/4 ფინალები) და ივნისში - ოთხთა ფინალი. 

2. A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები ¼ ფინალში იასპარეზებენ. ამ ეტაპზე თამაშები შინ და სტუმრად გაიმართება. გამარჯვებულები ოთხთა ფინალში გავლენ.

3. A ლიგის მესამეადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებთან გაარკვევენ, ელიტაში თამაშის უფლებას. ასევე, B ლიგის მესამეადგილოსნები ამ ლიგაში თამაშის უფლებისთვის C ლიგის მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ეს პლეი ოფიც ორმატჩიანი იქნება - შინ და გარეთ.

4. მარტის სანაკრებო ფანჯარაში ერთა ლიგის თამაშების გამო შეიცვლება კალენდარი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, მხოლოდ იმ გუნდებისთვის, რომლებსაც ერთა ლიგაზე ამ ახალ ეტაპზე თამაში უწევთ. 

გრაფიკული ახსნა: ცვლილებები ერთა ლიგაზე

ცვლილებები საკვალიფიკაციო ეტაპებზე

1. ახალი ფორმატი ეხება, როგორც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპს.

2. გუნდები ამიერიდან 12 ჯგუფში გადანაწილდებიან, ზოგში 4 გუნდი იქნება, ზოგში - 5.

3. გუნდები, რომლებიც 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან, ასპარეზობას სექტემბერში დაიწყებენ. ხოლო გუნდები, რომლებიც 5 გუნდიან ჯგუფებშ მოხვდებიან, ასპარეზობას დაიწყებენ, ან მარტში, ან ივნისში (თუ ისინი ერთა ლიგის პლეი ოფში არიან ჩართულები). 

4. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გადიან ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გადიან ან პლეი ოფში თამაშობენ (ტურნირს გააჩნია). 

5. ახალი ფორმატი ევრო 2024-ის შემდეგ შედის ძალაში. თავად კონტინენტის პირველობის ფორმატი არ იცვლება, გუნდების რაოდენობა მომავალშიც 24 რჩება.

გრაფიკული ახსნა: ცვლილებები საკვალიფიკაციო ტურნირებზე

უეფამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 2025 წელს სლოვაკეთმა უმასპინძლოს, ხოლო მომდევნო აღმასკომის სხდომა 4 აპრილს გაიმართება. 5 აპრილს კი ლისაბონში უეფას რიგით 47-ე კონგრესი იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები