Thumbnail

ახალი მეკარე ნაპოლიში - მას გოლი ვერც ოსიმენმა გაუტანა და ვერც კვარამ

  • ნაპოლიმ სალვატორე სირიგუ გაუშვა და პიერლუიჯი გოლინი დაიმატა
  • 27 წლის მეკარემ სპალეტის თავი ფიორენტინა-ნაპოლის მატჩში მოაწონა  

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეკარე დაიმატა. ლუჩანო სპალეტის გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ატალანტას გოლკიპერი პიერლუიჯი გოლინი ითამაშებს. 

მოლაპარაკების თანახმად, ნეაპოლის კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ 27 წლის მეკარის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუნქტის აქტივაციის შემთხვევაში, სატრანსფერო თანხა 8 მილიონი ევრო იქნება.

ატალანტას გოლინი სეზონის პირველ ნაწილში ასევე იჯარით ფიორენტინაში ჰყავდა გაშვებული. მეკარემ ყველა ტურნირის 9 მატჩში ითამაშა და 8 გოლი გაუშვა, 4 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა, მათ შორის ნაპოლისთანაც. 28 აგვისტოს, ფლორენციაში გამართულ სერია A-ს მესამე ტურის დაპირისპირებაში შედეგიანი მოქმედებით ვერც ვიქტორ ოსიმენი გამოირჩა და ვერც ხვიჩა კვარაცხელია და თამაში 0:0 დასრულდა.

როგორც ჩანს,  გოლინიმ სპალეტის თავი ნაპოლისთან მატჩში მოაწონა  

ნაპოლის ახალწვეული მეკარე, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის განმავლობაში ვერონაში, ასტონ ვილასა და ტოტენჰემშიც გამოდიოდა.

ამავდროულად, ნაპოლი გამოცდილ გოლკიპერს, სალვატორე სირიგუს დაემშვიდობა, რომელიც კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს. იტალიის ნაკრების 36 წლის მეკარეს ამ სეზონში ნაპოლის არცერთ მატჩში უთამაშია.

სალვატორე სირიგუ ნაპოლის დაემშვიდობა

ნაპოლის იტალიის ჩემპიონატში გასული 19 ტურის შემდეგ, 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაში კი გუნდი 1/8-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ფრანკფურტის აინტრახტი ჰყავს. ნაპოლი, რომლის ძირითადი მეკარე 25 წლის ალექს მერეტია, მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურში, შინ რომასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები