Thumbnail
  • ესპოში ვაჟთა ერთეულებში მოკლე პროგრამა შესრულდა
  • თავისუფალი ციგურაობა 27 იანვარს გაიმართება

ფინეთის ქალაქ ესპოოში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, ვაჟთა ერთეულებში 29 მონაწილეს შორის ორი ქართველია - 27 წლის მორის ყვითელაშვილი და 20 წლის ნიკა ეგაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ ორივე ქართველი შემდეგ ეტაპზე გადავიდა, თუმცა ის შედეგი არ უჩვენებიათ, რისი იმედიც ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდა.

ნიკა ეგაძის მოკლე პროგრამა 72.96 ქულით შეფასდა (38.18 ტექნიკურ ელემენტებში, 35.78 - პროგრამულში). ეს თითქმის 12 ქულით ჩამორჩება ნიკას საუკეთესო შედეგს. მიუხედავად ამისა, მას ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში საუკეთესო შედეგი გარანტირებული აქვს - მოკლე პროგრამის შემდეგ ის მე-12 პოზიციაზეა და 23 მონაწილეშია, რომლებიც თავისუფალ ციგურაობაშიც გამოვლენ. 

აი, ყვითელაშვილმა კი მოკლე პროგრამა აშკარად ჩააგდო - მას ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო ქულა ჰქონდა (97.98), მაგრამ მსგავსი ვერაფერი აჩვენა, ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მხოლოდ 70.55 ქულა დაიმსახურა, ეს კი მე-16 შედეგისთვის გამოდგა საკმარისი. 

მოკლე პროგრამის შემდეგ ფრანგი ადამ სიაო ლიდერობს 96.53 ქულით. ის მე-2 ადგილზე მყოფ მატეო რიცოს (იტალია) უკვე საკმაოდ უსწრებს - 86.46 ქულა. მესამე პოზიციაზე ლატვიელი დენის ვასილიევსია - 84.81. ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი ციგურაობა 27 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილის საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე მე-3 ადგილია (2020 წ). 

26 იანვარს ბრძოლაში ქალები ჩაებმებიან, 30 მონაწილეს შორის 26-ე (ფავორიტთა ჯგუფში) გავა საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა. მისი საუკეთესო შედეგი მოკლე პროგრამაში 69.56 ქულაა. შარშან 20 წლის გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.

27 იანვარს ესპოოს ყინულზე უკვე ყინულზე ცეკვებში ქართული წყვილი - მარია კაზაკოვა & გიორგი რევია - გავა. მარია და გიორგი რითმულ ცეკვებში იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები