Thumbnail

რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე? IOC-ის უცნაური პოზიცია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალ პრეს-რელიზი
  • სოკ-ის ინიციატივით კმაყოფილები არც რუსეთში დარჩნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) დღევანდელ პრეს-რელიზში დაშვებულია იმის შესაძლებლობა, რომ მომავალში რუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღონ, რა თქმა უნდა, ნეიტრალური სტატუსით, ყოველგვარი დროშის და ჰიმნის გარეშე. 

თუ სოკ-ი კვლავ მკაცრად გამორიცხავს ყოველგვარი სპორტული ღონისძიების ჩატარების შანსს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე, სპორტსმენებთან დაკავშირებით პოზიცია შერბილებულია. პრეს-რელიზის მიხედვით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა სპორტულ ასპარეზზე სამი მკაცრი პირობით - სპორტსმენი პატივს უნდა სცემდეს ოლიმპიურ ქარტიას და სრულად უნდა იყოს ჩართული ანტისადოპინგო მოძრაობაში და, რაც მთავარია, სპორტსმენი არ უნდა უჭერდეს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აზრით, თითოეული სპორტსმენის შემთხვევაში, შემოწმება ცალკე უნდა ჩატარდეს. რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კი, ასეთი სპორტსმენი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას საერთაშორისო ტურნირიდან.

საერთაშორისო მედიიის ერთიანი შეფასებით - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეძებს გზებს, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა გამოსვლის შანსი მიიღონ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირადად სთხოვა, რომ მან არ დაუშვას პარიზში რუსი სპორტსმენების გამოსვლა. მან მაშინ აღნიშნა, რომ უკვე 184 უკრაინელი სპორტსმენი შეეწირა რუსეთის აგრესიას. 

ომის დაწყების შემდეგ სოკ-ი საერთაშორისო ფედერაციებს აძლევდა რეკომენდაციას, არ დაეშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. სხვათა შორის, ამ რეკომენდაციას აქამდე თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაცია ასრულებდა იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია). 

სხვათა შორის, რუსების მხრიდან ამ ახალ ინიციატივას, რომელსაც ჯერ რეკომენდაციის სახე არ აქვს, უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის შეფმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა ამ ინიციატივას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უარყოფითი შეფასება მისცა. "ეს ჩვენი სპორტსმენების მხარეს გადმოდგმული ერთი ნაბიჯია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე ორი ნაბიჯია საწინააღმდეგო მიმართულებით". 

რა შეიძლება მოხდეს მომავალში, დიდწილად, უკრაინული მხარის და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზეა დამოკიდებული. სოკ-მა ამ პრეს-რელიზით ნიადაგი მოსინჯა, როგორც ჩანს, კმაყოფილი არავინაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები