- იუვენტუსის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ხელფასებით მანევრირების საქმე ყველაზე მძიმეა
- კლუბს კიდევ 15 ქულის დაკლება ემუქრება და სერია B-ში დაქვეითებაც არაა გამორიცხული
- იუვენტუსს კიდევ დასჯიან? დისკვალიფიკაცია 16 ფეხბურთელს ემუქრება
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური მომენტი და მძიმე დღეებია.
ტურინულ კლუბს რამდენიმე დღის წინ კაპიტალის ხელოვნური ზრდისთვის სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს, მაგრამ ეს გამოძიების მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. იუვეს პროკურატურისა და სასამართლოს წინაშე თავის მართლება კიდევ მოუწევს.
უფრო მეტიც, ახლა პროკურატურა ხელფასებით მანევრირებასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს, რომელიც 2019/20 წლების სეზონს (ის კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა) ეხება. ეჭვობენ, რომ მაშინ იუვეს ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი არ გადაუხადა, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ ფეხბურთელებს 4 თვის ხელფასი არ მიუღიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომ იუვენტუსმა ხსენებული 4 თვიდან 3 თვის ხელფასი მოთამაშეებს გადაუხადა, მაგრამ ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, რითაც გადასახადებს თავი აარიდა, ეს კი დიდი დარღვევაა.
იტალიური მედია წერს, რომ თუ დანაშაული დამტკიცდება, პროკურორი სასამართლოს კიდევ მინიმუმ 15 ქულის დაკლებით მიმართავს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ზრდის საქმეზე პროკურორმა ჯუზეპე კინემ 9 ქულის დაკლება მოითხოვა და როგორც წესი, სასამართლო ამ შემთხვევაში ითვალისწინებს პროკურორის მოთხოვნას ან უფრო მსუბუქი სასჯელით იფარგლება, მაგრამ იუვეს შემთხვევაში მოსამართლემ იმაზე მძიმე განაჩენი გამოიტანა, ვიდრე პროკურორმა მოითხოვა - კლუბს 15 ქულა დააკლო! იტალიაში ამბობენ, რომ ხელფასებით მანევრირების საქმე გაცილებით მძიმე და ჩახლართულია.

სხვათა შორის, იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პაულო დიბალამ გამოძიებას დაუდასტურა, რომ ფეხბურთელებმა მართლაც მიიღეს 3 თვის ხელფასი და მხოლოდ 1 თვის გასამრჯელო დათმეს, თანაც ეს შეთანხმება კლუბთან თავიდანვე არსებობდა. ხელფასების მანევრის საქმეზე სასჯელი ემუქრებათ მოთამაშეებსაც - კერძოდ, დისკვალიფიკაცია.
საუბარია მინიმუმ ერთთვიან სასჯელზე და რისკის ქვეშ არიან ადრიენ რაბიო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ვოიცეხ შჩესნი, ვესტონ მაკკენი, ფედერიკო ბერნარდესკი, პაულო დიბალა და მაურიციო სარიც, რომელიც მაშინ ტურინელთა მთავარი მწვრთნელი იყო. სამაგიეროდ, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც მაშინ იუვეში თამაშობდა, დისკვალიფიკაციის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ამ შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ აქვთ.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალის ზრდის საქმე ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა - სასამართლომ კლუბს 15 ქულა საქმის პირველი ნაწილისთვის დააკლო, მეორე ნაწილი კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. იტალიაში იმასაც ვარაუდობენ, რომ კლუბი შეიძლება სერია B-ში დააქვეითონ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ რომც არ მიიღონ, თუ კლუბს მთლიანობაში 30 ქულას დააკლებენ, იუვენტუსს სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად რთული ბრძოლა ელოდება.
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და უკვე გადაწყვეტილია, რომ -15 ქულას გაასაჩივრებს. ტურინელები სასამართლოს ელოდებიან, რომელმაც უნდა გამოაქვეყნებს მიზეზები, რის გამოც კლუბს 15 ქულა დააკლეს (კონკრეტული მიზეზები ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რის საფუძველზეც იქნა განაჩენი გამოტანილი) და შემდეგ კლუბი გასაჩივრებას 30 დღის განმავლობაში მოახერხებს. იუვენტუსში დარწმუნებული არიან, რომ კაპიტალის ხელოვნურ ზრდას ადგილი არ ჰქონია და კლუბი წესების სრული დაცვით მოქმედებდა. საქმე ისაა, რომ იტალიაში მსგავსი ხერხით ყველა კლუბი მუშაობს, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ზუსტი ფასი დადგენილი არაა და თითოეული კლუბი ერთმანეთში მოლაპარაკებით ადგენს კონკრეტული მოთამაშის ფასს.
შეგახსენებთ, რომ სკანდალის გამო იუვენტუსის მთელი ბორდი ჯერ კიდევ ნოემბერში გადადგა. სხვათა შორის, იტალიაში იმასაც ვარაუდობენ, რომ საქმეში სხვა კლუბებიც გამოჩნდებიან, რადგან კაპიტალის ზრდა ტრანსფერების ხარჯზე სწორედ ორი კლუბის ჩართულობით ხდება და იუვენტუსი ამ საქმეს მარტო ვერ გააკეთებდა. სასამართლოს მორიგი მოსმენა 22 თებერვალსაა ჩანიშნული და შესაძლოა, იუვენტუსის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდეს.
კომენტარები