- ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო მელბურნში ისევ სკანდალია
- სერბის მამამ პრორუს სერბ ფანებთან ერთად იზეიმა
- უკრაინის ელჩი მომხდარს შესაბამისად გამოეხმაურა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ისევ სერიოზული სკანდალია.
სერბი ჩოგბურთელის მამამ, სრდიან ჯოკოვიჩმა წლის პირველი დიდი სლემის მეოთხედფინალში შვილის გამარჯვება მელბურნში თანამემამულე ფანებთან ერთად აღნიშნა. გადაღებულია ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ზეიმობს ის იმ სერბ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის დროშებს და პრორუსულ სიმბოლოებს აფრიალებენ.
ვიდეო თავდაპირველად ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა და ის ჯოკოვიჩის გამარჯვების შემდეგაა გადაღებული. როგორც იცით, ნოვაკმა მეოთხედფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა. უფროსი ჯოკოვიჩი პრორუს სერბ ფანებთან ერთად სწორედ “როდ ლეივერ არენასთანაა” გადაღებული. ვიდეოში ჩანს და ისმის ჯოკოვიჩის მამის სიტყვები: “გაუმარჯოს რუსეთს და დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”
უკრაინის ელჩმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ვასილ მიროშნიჩენკომ ჯოკოვიჩის მამის საქციელს “სირცხვილი” უწოდა: “სრულყოფილი პაკეტია, - წერს მიროშნიჩენკო, - სერბეთის დროშებთან ერთად ვხედავთ რუსეთის დროშას, პუტინს, Z სიმბოლოს და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშას.”

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ მელბურნის პოლიციამ აღნიშნული ვიდეოს მონაწილე 4 პიროვნება დაკითხა. ტურნირის ორგანიზატორი Tennis Australia ოფიციალურ განცხადებაში მომხდარს ასე აფასებს: “მიუღებელი დროშები და სიმბოლოები. ჩოგბურთელებს და მათ გუნდებს ავუხსენით და შევახსენეთ დროშებთან და სხვადასხვა სიმბოლოებთან დაკავშირებული წესები.”
კომენტარები