Thumbnail

უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა და კარიერაში მე-2 სლემ-ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს.

მოსკოვში დაბადებული, თუმცა, 2018 წლიდან ყაზახეთის სახელით მოთამაშე 23 წლის ჩოგბურთელი ნახევარფინალში ბელარუს ვიქტორია აზარენკას გადაეყარა და 7:6 (7:4), 6:3 სძლია.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ უფრო მეტი ბრძოლა პირველ სეტში იყო, რომლის მიმდინარეობის დროსაც მეტოქეებმა ორ-ორი ბრეიკი მიითვალეს და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, მეორეში კი, რიბაკინას უპირატესობა აშკარა იყო.

რიბაკინასა და აზარენკას მატჩზე ტრიბუნებზე ბილ გეიტსიც გამოჩნდა

თამაში საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ელენამ 9 ეისისა და 3 ორმაგი შეცდომის ფონზე, 11-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 76% მოიგო და აზარენკაზე უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა, როგორც - ვინერსების (30:26), ასევე უნებლიე შეცდომების (21:27) მხრივ.

აღსანიშნავია, რომ ელენა მელბურნულ კორტებზე მხოლოდ მეოთხედ გამოჩნდა და მე-3 რაუნდის მიღმა არასდროს გასულიყო, ამჯერად კი, უკვე მე-6 თამაში მოიგო და მომავალ შაბათს ტიტულისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ რიბაკინას აღნიშნულ ექვს მატჩში 3 სეტის ჩატარება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ამერიკელ დანიელ კოლინსთან დასჭირდა, იტალიელ კოჩიარეტოს, სლოვენიელ იუვანს, მსოფლიოს პირველ ნომერ პოლონელ შვიონტეკს, ლატვიელ ოსტაპენკოსა და ახლა, უკვე აზარენკასაც დამაჯერებლად აჯობა.

დღესვე გაირკვევა ქალთა ბადის მე-2 ფინალისტის ვინაობაც: კიდევ ერთი ბელარუსი არინა საბალენკა პოლონელ მაგდა ლინეტს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები