Thumbnail
  • ბოლივიელთა წინააღმდეგ ფურცელაძეს, მეტრეველს, ტყემალაძესა და ბაკშის ვიხილავთ
  • მსოფლიო ჯგუფი II-ს საპლეიოფო მატჩი პოლონეთში 2-3 თებერვალს ჩატარდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები იმავე შემადგენლობით ითამაშებს დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი-ოფში, რომლითაც გასულ წელს ევროპული ზონის III ჯგუფი მოიგო.

ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლივიასათან საპლეიოფო შეხვედრაში საქართველოს ღირსებას საბა ფურცელაძე (550-ე რეიტინგში), ალექსანდრე მეტრეველი (608-ე), ზურა ტყემალაძე (683-ე) და ალექსანდრე ბაკში (774-ე) დაიცავენ.

ამგვარად, ეროვნულ გუნდთან ერთად ისევ არ იქნება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (90-ე), რომელსაც ბოლო თვეებია წარუმატებელი პერიოდი უდგას და როგორც სჩანს, აქცენტს პირად კარიერაზე აკეთებს.

ბოლივიელებთან დაპირისპირება 2-3 თებერვალს თბილისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ვინაიდან სათანადოდ მოწესრიგებული დარბაზი ვერ გამოინახა, თამაში პოლონეთის ქალაქ ლეშნოში ჩატარდება.

საბა ფურცელაძე, ალექსანდრე მეტრეველი, დავით კვერნაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე

დიდი დანაკლისის მიუხედავად, საქართველო მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც სამხრეთამერიკელებს არ ეყოლებათ 2 მთავარი ჩოგბურთელი: უგო დელიენი (131-ე) და მურკელ დელიენი (309-ე).

ბოლივიელთა განაცხადიდან ATP-ს რეიტინგში მხოლოდ ხუან კარლოს პრადო ანხელო ფიგურირებს და ისიც მხოლოდ 779-ეა, ხოლო აგუსტინ ედუარდო კუელიარ ლორბერგი, სანტიაგო ნავარო და რაულ გარსია კლასიფიკაციაში ვერ ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ დავით კვერნაძის გუნდმა 2022 წელს ევროპული ზონის III ჯგუფში ძალიან წარმატებულად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ულცინში ოთხ მეტოქეს ისე სძლია, რომ 1 მატჩიც კი არ წაუგია, თანაც, ეს ყველაფერი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე.

საქართველომ, რომლის ღირსებასაც მაშინაც ფურცელაძე, ბაკში, მეტრეველი და ტყემალაძე იცავდნენ, ჯგუფში სომხეთს, ლიხტეშტაინს და კვიპროსს 3:0 მოუგო, პირველი ადგილისთვის შეხვედრაში კი ლუქსემბურგი დაამარცხა (2:0).

კომენტარები

ბოლო ამბები