Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას, არგენტინას და იტალიას შეხვდება
  • მსოფლიოს პირველობა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკული კეიპ ტაუნი და ვესტერნ კეიპი უმასპინძლებენ (ცნობილია, რომ 2024 წლის მსოფლიოს პირველობაც სამხრეთ აფრიკაში შედგება).

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას (მე-3 განთესვა), არგენტინასა (მე-4) და იტალიას (მე-9) გაეჯიბრება, A ჯგუფში საფრანგეთი (1-ლი), უელსი (მე-6), ახალი ზელანდია (მე-7) და იაპონია (მე-12) ითამაშებენ, B-ში კი – ავსტრალია (მე-2), ინგლისი (მე-5), ირლანდია (მე-8) და ფიჯი (მე-11).

ჯგუფური ეტაპის მატჩები 24 და 29 ივნისსა და 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები 9 ივლისსაა დაგეგმილი, ფინალები კი – 14 ივლისს. ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი ნახევარფინალში ითამაშებენ, ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე პოზიციებისთვის იბრძოლებენ, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე საფეხურებს გაინაწილებენ.

ცნობილია ისიც, რომ ბოლო – მე-12 ადგილზე ნაკრები 2024 წლისთვის ალაფაზე დაქვეითდება, რომელსაც წელს 15-დან 30 ივლისამდე პერიოდში კენია უმასპინძლებს და იქ შემდეგი ნაკრებები ითამაშებენ: A ჯგუფი – შოტლანდია, ურუგვაი, კანადა ან აშშ, აფრიკა 2, B ჯგუფი – ესპანეთი, სამოა, კენია, ჰონგ კონგი.

“სამხრეთ აფრიკა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მოხარულნი ვართ, იქ მორიგ ჯერზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ აფრიკას 2024 წელსაც ვეწვევით, რადგან საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი სარაგბო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდები რეგულარულად თამაშობდნენ უმაღლესი დონის ტურნირებში. ამის დასტური ეროვნული ნაკრებია, რომელიც მუდამ ივსება იმ მაღალი დონის მოთამაშეებით, რომლებმაც დიდ რაგბში პირველი ნაბიჯები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გადადგეს“ – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდნენ და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს "ალაფიდან" დაწინაურებულმა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ მოახერხა. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაგბის დაარსების 200 წლის იუბილეზე ბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები