Thumbnail

AUS OPEN | საბალენკა დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

24 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, რისი წყალობითაც მომავალი კვირიდან WTA-ს რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლებს.

მელბურნის როდ ლეივერის სახელობის არენაზე გამართული ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში საბალენკამ პოლონელი მაგდა ლინეტი 7:6 (7:1), 6:2 დაამარცხა.

თამაში საათნახევარი გაგრძელდა და ბელარუსმა ჩოგბურთელმა 6 ეისისა და 2 ორმაგი შეცდომის ფონზე მეტოქის მოწოდება 3-ჯერ მოიგო, თავად კი მხოლოდ ერთხელ დაბრეიკდა.

მაგდა ლინეტმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია

არინა ძალიან შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა და მართალია, უნებლიე შეცდომა მეტი ჰქონდა (25:16), ვინერსებში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი (33:9) დააფიქსირა. ცხადია, რომ ასეთი სტატისტიკით, მსოფლიო რეიტინგში 45-ე ადგილზე მყოფ პოლონელ ჩოგბურთელს წარმატების შანსი არ ჰქონია.

საბალენკა Australian Open-ზე მეექვსედ თამაშობს და მისი მაქსიმუმი მე-4 წრე იყო, ამჯერად კი, მელბურნში ზედიზედ 6 მატჩი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ლინეტამდე, ბელარუსმა ჩოგბურთელმა ჩეხი მარტინცოვა, ამერიკელი როჯერსი, ბელგიელი მერტენსი, შვეიცარიელი ბენჩიჩი და ხორვატი ვეკიჩი დაამარცხა.

საბალენკა WTA-ს ტურნირების ფინალში მეოცედ ითამაშებს, მოგებული კი 11 შეჯიბრი აქვს. ამჯერად, გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე ყაზახეთის სახელით მოთამაშე ელენა რიბაკინა იქნება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში კიდევ ერთ ბელარუს ვიქტორია აზარენკას 7:6 (7:4), 6:3 სძლია. ფინალი 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები