Thumbnail

20 წლის ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა კარიერაში საუკეთესოდ შეასრულა და ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონატს ლიდერობს! 

საქართველოს წარმომადგენელმა ჯამში 69.81 ქულა მიიღო, რაც მის საუკეთესო შედეგი აქამდე 69.56 ქულა იყო, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ, 2018 წლის ზაგრების გრან პრიზე აჩვენა. მას მერე ანასტასიას ხშირი ტრავმების გამო ჩავარდნა ჰქონდა, ხოლო 2021/22 წლების სეზონიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს სახელით ასპარეზობს. 

ანასტასიამ მოკლე პროგრამა შეცდომების გარეშე შეასრულა, მან ტექნიკურ სეგმენტში 37.71 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულში - 37.71. ქართველ მოციგურავეს კვალში ბელგიელი ლეონა ჰენდრიკსი მიყვება 67.85 ქულით, მესამეზე კი 16 წლის შვეიცარიელი კიმი რეპონდია - 63.83. 60 და მეტი ქულა კიდევ რამდენიმე მოციგურავემ მოიპოვა - ოლგა მიკუტინა (ავსტრია) - 62.78, ეკატერინა კურაკოვა (პოლონეთი) - 61.81, ნინა პინცარონე (ბელგია) - 61.35, ნინა პეტროკინა (ესტონეთი) - 61.05, იანა ირკინენი (ფინეთი) - 60.77 და ლივია კაიზერი (შვეიცარია) - 60.25. როგორც ხედავთ, ლიდერებში დიდი სიმჭიდროვეა და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

28 იანვარს თავისუფალი ციგურაობის დღეა, სადაც 30 მონაწილიდან 24 გადავიდა. ანასტასია ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს, შესაძლოა, ეს სულაც ოქროს მედალი იყოს! 

შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სულ სამი მედალი აქვს მოპოვებული, სამივე ბრინჯაო - ორი მედალი ელენე გედევანიშვილის ანგარიშზეა (2010, 2012), ერთიც მორის ყვითელაშვილის (2020). ანასტასიამ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე პირველად შარშან იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა.

27 იანვარს ესპოოს ყინულზე უკვე ყინულზე ცეკვებში ქართული წყვილი - მარია კაზაკოვა & გიორგი რევია - გავა. მარია და გიორგი რითმულ ცეკვებში იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები