- კარენ ხაჩანოვი 6:7 (2:7), 4:6, 7:6 (8:6), 3:6 სტეფანოს ციციპასი
- კვირას, ბერძენი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
სტეფანოს ციციპასი დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მეორედ გავიდა!
24 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი 4 სეტში, 7:6 (7:2), 6:4, 6:7 (6:8), 6:3 დაამარცხა და წლის პირველი დიდი სლემის ფინალში ითამაშებს.
ციციპასი დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად 2021 წელს გავიდა - მაშინ როლან გაროსის გადამწყვეტ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და 5 სეტში დამარცხდა.

ფინალი ამჯერადაც ჯოკოვიჩი-ციციპასი იქნება. სერბმა ნახევარფინალში ამერიკელ ტომი პოლი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ადვილად, 7:5, 6:1, 6:2 დაამარცხა.
“მელბურნის ფინალში გასვლაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თავს დალოცვილად ვგრძნობ, რომ ჩოგბურთის თამაში ამ დონეზე შემიძლია. ვიბრძვი იმისთვის, რომ დიდი სლემის ტურნირი მოვიგო და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდე. ასეთი მომენტებისთვის ბევრი და მაგრად ვიშრომე,” - განაცხადა ციციპასმა ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ.
ეს გათამაშება უნდა ნახოთ:
ციციპასის და ხაჩანოვის ნახევარფინალური მატჩი ჯამში 3 საათი და 24 წუთი გაგრძელდა. პირველივე წუთებიდან ეს საკმაოდ თანაბარი და დაძაბული ბრძოლა გახლდათ. გადამწყვეტ მომენტებში ბერძენს მეტი სიმტკიცე ეტყობოდა. აღსანიშნავია, რომ ხაჩანოვმა მესამე სეტში ორი მატჩპოინტი მოიგერია, სეტი მოიგო და თამაშში დაბრუნება სცადა, მაგრამ მეოთხე სეტში ციციპასმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ხაჩანოვის კარიერაში ეს დიდი სლემის მეორე ნახევარფინალი გახლდათ - შარშანდელი US Open-ის შემდეგ.
24 წლის და 170 დღის ციციპასი ბოლო 12 წელიწადში ავტრალიის ღია პირველობის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია მამაკაცთა შორის...
კომენტარები