Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ პრორუს ფანებთან ერთად ზეიმზე ისაუბრა
  • სრდიან ჯოკოვიჩი შვილის თამაშს ნახევარფინალში არ დაესწრო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა იმ სკანდალს გამოეხმაურა, რომლის გამოც ბევრმა მისთვის ავსტრალიის ღია პირველობის აკრედიტაციის ჩამორთმევა მოითხოვა.

26 იანვარს ვწერდით, რომ სრდიან ჯოკოვიჩმა წლის პირველი დიდი სლემის მეოთხედფინალში შვილის გამარჯვება მელბურნში თანამემამულე ფანებთან ერთად აღნიშნა. გადაღებულია ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ზეიმობს ის იმ სერბ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც რუსეთის დროშებს და პრორუსულ სიმბოლოებს აფრიალებენ. ასევე ჩანს და ისმის ჯოკოვიჩის მამის სიტყვები: “გაუმარჯოს რუსეთს და დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”


უფროსი ჯოკოვიჩი სკანდალს დღეს გამოეხმაურა. იგი ნოვაკის ნახევარფინალურ მატჩს არ დაესწრო. “აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემს შვილს ვუქომაგო. ჩემი მიზანი არ ყოფილა სკანდალის ატეხა, ვინმესთვის ხელის შეშლა ან რაიმე ამგვარი. იმისათვის, რომ ნახევარფინალში ხელი არც ჩემს შვილს შეეშალოს და არც მის მეტოქეს, გადავწყვიტე, თამაშს არ დავესწრო და სახლში დავრჩე.” - უთხრა სრდიან ჯოკოვიჩმა ავსტრალიურ მედიას.

მან კონკრეტულად პრორუს ფანებთან ერთად ზეიმზეც გააკეთა კომენტარი: “ამ ამბავში მოხვედრა ნამდვილად არ მინდოდა. ფანებთან ერთად მხოლოდ სიხარულის გაზიარება და ფოტოების გადაღება მსურდა. ზოგადად მე მხოლოდ მშვიდობა მსურს, რადგან ჩემს ოჯახს ომის საშინელება გამოვლილი აქვს.”

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ამერიკელი ტომი პოლი დაამარცხა და ფინალში სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც კარენ ხაჩანოვს მოუგო და დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში მეორედ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები