Thumbnail
  • ITALPRESS-მა სერია A-ს გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა
  • სპეციალისტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ კვარაცხელია სეზონის აღმოჩენა გახდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია   

იტალიის სერია A-ში მეორე წრის დაწყების წინ, ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პროგნოზები გააკეთეს. სპეციალისტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელია კი ჩემპიონატის აღმოჩენა გახდება. 

გამოკითხვა ITALPRESS-მა ჩაატარა, რომელმაც სპეციალისტებს სთხოვა, წინასწარ დაესახელებინათ: ჩემპიონატის აღმოჩენა გუნდი, ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელი და ჩემპიონი გუნდი.

ხვიჩა ნაპოლიში სეზონის წინ გადავიდა და მოკლე დროში ვარსკვლავად იქცა

სერია A-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ნაპოლი 50 ქულით ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ მილანს 12 ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატის 15 შეხვედრაში ითამაშა, მიითვალა 7-7 გოლი და საგოლე პასი და კიდევ 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. 

რაც შეეხება ITALPRESS-ის გამოკითხვას, მასში მონაწილეობა სერია A-ს 17 გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს. პროგნოზების გაკეთებისგან თავი მხოლოდ ლაციოს, მონცასა და რომას თავკაცებმა შეიკავეს. 

სეზონის აღმოჩენა მოთამაშედ გახდომა ნაპოლის 21 წლის ქართველ შემტევს 17-იდან 10-მა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა: ტიაგო მოტამ (ბოლონია), დავიდე ბალარდინიმ (კრემონეზე), ვინჩენცო იტალიანომ (ფიორენტინა), სიმონე ინძაგიმ (ინტერი), სტეფანო პიოლიმ (მილანი), ალესიო დიონიზიმ (სასუოლო), ლუკა გოტიმ (სპეცია), ივან იურიჩმა (ტორინო), ანდრეა სოტილმა (უდინეზე) და მარკო ძაფარონიმ (ვერონა). 

ხვიჩა კვარაცხელია რომასთან მატჩისთვის მონდომებით ემზადება

2022/23 წლების სეზონში ნეაპოლელებს სკუდეტოს მოგება 17-იდან 14-მა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა. რაც შეეხება თავად ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პროგნოზს, ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონის წინასწარ დასახელებისგან თავი შეიკავა, სეზონის აღმოჩენად გახდომა კი ემპოლის შემტევ ტომაზო ბალდანცის უწინასწარმეტყველა.

ნაპოლი სერია A-ს მორიგ ტურში რომას უმასპინძლებს. შეხვედრა “მარადონაზე” 29 იანვარს გაიმართება. დიდი ალბათობით, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გაციების გამო ნაპოლის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები