- ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5, 6:1, 6:2 ტომი პოლი
- სერბი დიდი სლემის ფინალში 33-ედ გავიდა
- მელბურნში ეს მისი მე-10 ფინალი იქნება
- ნოლეს 22-ე დიდი სლემის მოგებამდე 1 ნაბიჯი აშორებს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ამერიკელი ტომი პოლი 3 სეტში დაამარცხა - 7:5, 6:1, 6:2. გასული სეზონის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული, 'ნოლემ' ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოიპოვა.
ჯოკოვიჩი Australian Open-ის ფინალში მეათედ გავიდა - წინა 9 ფინალიდან ნოვაკმა 9-ვე მოიგო. საერთო ჯამში, ზეგ სერბი დიდი სლემის 33-ე ფინალში ითამაშებს. ამ მაჩვენებლით 'ნოლემ' საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. წინ კიდევ ერთი რეკორდია - რაფაელ ნადალს დიდი სლემის ტურნირები 22-ჯერ აქვს მოგებული. თუ ნოვაკი მომავალ ფინალში გაიმარჯვებს, მოგებული გრანდ სლემებით რაფას გაუთანაბრდება.
"ჩემთვის, კარიერის ამ ეტაპზე დიდი სლემის ფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ძრავა მჭირდება და მიხარია, რომ ჩოგბურთის ამ დონეზე სათამაშოდ საწვავი ისევ დამრჩა. თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, იდეალურად, 110%-ით მზად ვარ. სტეფანოს, 2 დღეში შევხვდებით!" - განაცხადა 35 წლის სერბმა.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ჩოგბურთელებმა დიდი სლემის საფინალო მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ უნდა ითამაშეს: 2021 წლის როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში ნოვაკმა სტეფანოსს მოუგო (3:2). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციციპასსა და ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.
კომენტარები