- 'ევროპაბეთის ზამთრის თასის' პირველ დღეს გამარჯვებულები 4 სახეობაში გამოვლინდნენ
- ძმები ნანავების დაპირისპირება ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა
- Monaspa-მ 'ზამთრის თასის' მოგება ზედიზედ მეორედ მოახერხა
- კვირას, 29 იანვარს PUBG MOBILE-ის, FIFA 23-ის და CS:GO-ს ფინალებია
"ევროპაბეთის ზამთრის თასზე" დღეს პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქართულ კიბერსპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ლარია.
Winter Cup 2022-ის ფინალური ეტაპის პირველ დღეს 4 სახეობის ჩემპიონი გაირკვა: TEKKEN 7, eFootball, NBA 2K და DOTA 2.
გეიმინგში წლის მთავარი მოვლენის საფინალო ეტაპის პირველი დღე TEKKEN 7-ით გაიხსნა. ფინალში ერთმანეთს გუგა ირემაშვილი (Team Protos) და შაკო ხომასურიძე დაუპირისპირდნენ. ირემაშვილი გასული წლის "ზამთრის თასის" ფინალისტი იყო და იგი შეჯიბრის დაწყების წინ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა განსხვავებით მისი მეტოქე ხომასურიძისგან, რომლის კარგი თამაშიც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
TEKKEN 7-ის ტურნირის მოსაგებად ფინალისტებს 4 მოგება სჭირდებოდათ. მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ფლობდა ფავორიტად შერაცხილი გუგა ირემაშვილი (Team Protos), რომელმაც არცერთი შეხვედრა არ წააგო და მეტოქეს 4:0 მოუგო. შარშანდელი წაგებული ფინალის შემდეგ წელს ირემაშვილმა გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად, პირველი ადგილი დაიკავა.
"ტურნირი ძალიან კარგი იყო, აქაურობა ძალიან მომეწონა. ტურნირის მიმდინარეობამ ძალიან კარგად ჩაიარა ჯგუფური ეტაპიდან ფინალურ ეტაპამდე. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ფინალში მარტივ გამარჯვებას არ ველოდი, მაგრამ ფოკუსირებული და მომზადებული ვიყავი მეტოქისთვის. მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად მეთამაშა", - განაცხადა გუგა ირემაშვილი.

TEKKEN 7-ის შემდეგ დღის მეორე სახეობა, რომელშიც გამარჯვებული გამოვლინდა eFootball იყო, რომელიც "ზამთრის თასს" წელს დაემატა. საფეხბურთო სიმულატორის გადამწყვეტ ეტაპს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მისი ფინალისტები სძენდნენ. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ ძმებმა, რატი (Team Protos) და მათე ნანავებმა ითამაშეს. რატი 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, მათე კი - მისი საუკეთესო სპარინგპარტნიორი. ფინალის წინ მთავარი ინტრიგა ერთი რამ იყო - შეძლებდა თუ არა მათე ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და პირველი დიდი ტურნირის მოგებას.
eFootball-ის ფინალი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. ძმებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად 3 შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. ჩემპიონობისთვის ფლეიერებს 2 გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ. პირველი შეხვედრა მათეს გამარჯვებით დასრულდა (1:0), ამის შემდეგ რატიმ მეორე მატჩი სრული უპირატესობა მოიპოვა და ძმას 3:0 მოუგო. მესამე და გადამწყვეტი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძმებმა 90 წუთში ფრედ 2:2 ითამაშეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო, სადაც რატიმ გოლის გატანა და კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება შეძლო.
"ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა. გამარჯვებულის გამოსავლენად 3 თამაში დაგვჭირდა. ჩემი თამაშით კმაყოფილი დიდად არ ვარ, მაგრამ ჩემპიონობა მე დამრჩა და ეს, რა თქმა უნდა, გასახარია. ზოგადად, ჩემს ძმას, როგორც მეტოქეს ისე არ ვუყურებ. მგონია, რომ თითქოს სახლში ვთამაშობთ გასართობად. საყურებლად კარგი ფინალები გამოგვდის ხოლმე. ჩემი ძმისგან ასეთ წინააღმდეგობას ველოდი. შანსები 50-50-ზე იყო, უბრალოდ ჩემი განვლილი კარიერიდან გამომდინარე, ხშირად ფავორიტად მასახელებენ ხოლმე", - თქვა რატი ნანავამ.

კიდევ ერთი ახალი სახეობა, რომელიც "ზამთრის თასს" წელს დაემატა, NBA 2K-ია. ტურნირის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ალექსანდრე ურუშაძე და სანჯი საგინაშვილი დაუპირისპირდნენ.
NBA 2K-ს ტურნირზეც eFootball-ის მსგავსად ჩემპიონი ის მოთამაშე გახდებოდა, რომელიც პირველი შეძლებდა 2 მატჩის მოგებას. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ურუშაძემ ფინალური ეტაპი 2:0 მოიგო და “ზამთრის თასის” გამარჯვებული გახდა, თამაშები მაინც დაძაბული და საინტერესო საყურებელი გამოდგა.
"ურთულესი და უძლიერესი მეტოქე მყავდა. დაძაბული თამაშები იყო, გამიჭირდა მოგება, გამართლების მომენტიც იყო. ნამდვილად არ ველოდი თუ არც ერთ შეხვედრას არ წავაგებდი, თუმცა ველოდი, რომ სერიას მოვუგებდი, რადგან კარგ ფორმაში ვარ, თუმცა მგონია, რომ სანჯის მინიმუმ ერთი თამაშის მოგება შეეძლო. ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება", - ეს ალექსანდრე ურუშაძის სიტყვებია.

"ევროპაბეთის ზამთრის თასის" საფინალო ეტაპის პირველი დღე ბევრისთვის საყვარელმა სახეობამ DOTA 2-მა დახურა. DOTA 2-ის გრანდ ფინალში Monaspa-სა და Protos-ის დუელი ვიხილეთ. ყველაზე მაგიურ სახეობას თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა.
DOTA 2-ის ფინალში ძალიან ძლიერი შემადგენლობით წარდგა Monaspa, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა. შეიძლება ითქვას, რომ მათ მეტოქეს მარტივად აჯობეს, ორი შეხვედრა მოუგეს და "ზამთრის თასის" მოპოვება ზედიზედ მეორე წელსაც შეძლეს.
"ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ასე თუ ისე ტურნირი მარტივად მოვიგეთ. მიხარია ეს წარმატება, რადგან ამაზე დიდ ხანია, ვშრომობთ. მარტივ გამარჯვებას ველოდებოდი, რადგან ზედმეტად ძლიერი გუნდი ვართ. ბოლო 3 წელია სცენაზე ვდომინირებთ. მოგება არ გამკვირვებია, თუმცა მეტოქე გუნდისგან ასეთ კარგ წინააღმდეგობას არ ველოდი, არ ვუკარგავ მათ კარგ თამაშს. ვფიქრობ, რომ ჩვენს შემდეგ საუკეთესო ხუთეული მათ ჰყავთ", - მამუკა კიკაბიძე Monaspa-ს დამფუძნებელი.

WINTER CUP-ის დასკვნითი ეტაპის მეორე დღე ხვალ, 29 იანვარს გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონები კიდევ სამ სახეობაში გამოვლინდებიან - PUBG MOBILE, FIFA 23 და CS:GO.
WINTER CUP საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობის შედეგად ტარდება. თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვას ევროპოპისა და CYBER TV-ის YOUTUBE არხებზე შეძლებთ.
კომენტარები