Thumbnail

პორტუგალიის გრან პრი | გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოისტთა წლის პირველი ტურნირი დაიწყო
  • ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი გავიდა
  • ბრინჯაოს მედლისთვის 19 წლის გიორგი სარდალაშვილი იბრძოლებს

პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოისტთა წლის პირველი ტურნირი დაიწყო. გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატიმიზე საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი გავიდა - 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი, ხოლო 66-ში - იპოლიტე აქუბარდია და გიორგი თუთაშვილი. მათგან მედლისთვის მხოლოდ სარდალაშვილი იბრძვის, რომელიც ბრინჯაოსთვის ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდება.

პორტუგალიის გრან პრიზე ფინალური ბლოკი 21:00 სთ-იდან დაიწყება.

19 წლის სარდალაშვილმა, რომელმაც 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო, ალმადაში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ნიდერლანდელ ემიელ იარინგს იპონით სძლია, 1/8-ფინალში კი მასპინძელ რიკარდო პირესს ბოჭვით აჯობა.


გიორგი 1/4-ფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა ეფექტური იპონით მოუგო. ლესიუკი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა ბოლომდე იბრძოლა, გაუთანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. 2-2 შიდოს მიღების შემდეგ, სარდალაშვილმა მეტოქე მე-4 დამატებულ წუთზე, კონტრილეთით დააგდო.    


ნახევარფინალში სარდალაშვილის მეტოქე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იყო, რომელმაც მანამდე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძეს აჯობა. გამოცდილმა ესპანელმა გიორგის დამარცხება მოახერხა - ბრძოლის მეორე წუთზე, პარტერში, მახრჩობელა ილეთის გაკეთება დაიწყო და სარდალაშვილიც იძულებული გახდა, დანებებულიყო.


66 კგ-მდე წონით კატეგორიაში განთესილი იყო დებიუტანტი იპოლიტე აქუბარდია, რომელიც მეორე წრეში უზბეკ ბობურ ვაჯიევთან დამარცხდა. საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი მეტოქემ შებოჭა. ამავე წონაში მოგებით დაიწყო გამოსვლა გიორგი თუთაშვილმა, რომელმაც ვაზარით ეკვადორელ ლენინ პრესიდოს აჯობა, მაგრამ მეორე წრეში უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს ვეღარ გაუმკლავდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში მიღებული მესამე გაფრთხილებით წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები