Thumbnail

ბიელსას ზაფხულამდე ევერტონის U21 გუნდის გაწვრთნა სურდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მარსელო ბიელსასა და ევერტონს შორის შეთანხმება ვერ შედგა
  • არგენტინელს მომავალ სეზონამდე მეორე გუნდში მუშაობა უნდოდა

The Athletic-ის ინფორმაციით, მარსელო ბიელსას ზაფხულამდე ევერტონის U21 გუნდში მუშაობა სურდა, როცა მისი შტაბი მთავარ გუნდს გაწვრთნიდა. ბიელსა მოლაპარაკებების გასამართად ინგლისში გუშინ, 26 იანვარს ჩაფრინდა, თუმცა შეთანხმდება არ შედგა და ლივერპულურ გუნდს სათავეში შონ დაიჩი ჩაუდგა. 

67 წლის არგენტინელს მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად დრო უნდოდა. ბიელსას პირობა მარტივი იყო: ის მეორე გუნდსა და აკადემიაში 2022/23 წლების სეზონის დასრულებამდე იმუშავებდა, შემდეგ, კი პირველ გუნდს ჩაიბარებდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ევერტონის ხელმძღვანელები ამ მოთხოვნას არ დათანხმდნენ - გუნდი ისტორიაში პირველად პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშეა. 

ბიელსა ბოლოს ლიდს იუნაიტედში მუშაობდა - ჩრდილოინგლისურ გუნდს სათავეში 2018-2022 წლებში ედგა. ევერტონი კი პრემიერლიგის გავლილი 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა, მე-19 ადგილზეა.

21 იანვარს, ვესტ ჰემთან გასვლაზე წაგების (0:2) შემდეგ 'სქაუზერებმა' ფრენკ ლამპარდი დაითხოვეს. შონ დაიჩი ბარნლიდან, თითქმის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ 2022 წლის აპრილში გაუშვეს და მას შემდეგ უმუშევარი გახლდათ. ინგლისელი მწვრთნელის მიზანი ევერტონის ელიტაში დატოვება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები