- გამოხმაურება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალ წინადადებაზე
- რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე? IOC-ის უცნაური პოზიცია
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 25 იანვრის პრეს-რელიზს, ბუნებრივია, მოჰყვა რეაქციები - ზოგიერთი საერთაშორისო ფედერაცია უკვე მზად არის, დაუშვას რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე, ზოგი, პირიქით, კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა; ბელარუსში ძირითადად მოიწონეს, რუსეთში მოიწონეს, მაგრამ მიუღებლად მიაჩნიათ, რადგან მათთვის "დამამცირებელია"; უკრაინა კი პარიზის ოლიმპიადის ბოიკოტს აპირებს, თუ სოკ-ის შეთავაზება განხორციელდება...

მოკლედ, რომ ვთქვათ - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გზებს ეძებს, როგორმე დაუშვას ოლიმპიურ თამაშებზე რუსი (და ბელარუსი) სპორტსმენები. ამან უკრაინული მხარის გაღიზიანება გამოიწვია, უკრაინელებს ევროპის და აშშ-ს მხარდაჭერა აქვთ, თუმცა საერთაშორისო ფედერაციების ნაწილი ისედაც მიზეზს ეძებდა და მათ ქმედებაც კი დაიწყეს, პირველი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაა (IJF).
შეგახსენებთ, რომ სოკ-მა პრეს-რელიზში დაუშვა რუსი (და ბელარუსი) სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნება ნეიტრალური სტატუსით (დროშის და ჰიმნის გარეშე), სამი პირობით, რომელთაგანაც ერთი ასეა ჩამოყალიბებული - სპორტსმენი არ უნდა უჭერდეს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ყოველი სპორტსმენის საკითხი ცალკე შესწავლის საგანი გახდება. ამ პრეს-რელიზს ჯერ რეკომენდაციის სახეც არ აქვს, თუმცა გამოხმაურება რეზონანსულია.
ძიუდო პირველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) და მისი პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ისედაც მიზეზს ეძებდა, როგორმე რუსი სპორტსმენები დაებრუნებინა. მაშინ, როცა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების უდიდესმა უმრავლესობამ რუსი სპორსმენებისთვის მონაწილეობის აკრძალვას დაუჭირა მხარი, რამდენიმემ ამაზე უარი განაცხადა. მათგან მხოლოდ ჩოგრბურთის საერთაშორისო ფედერაციაა წონიანი. რაც შეეხება ძიუდოს, ომის დაწყების შემდეგ მათ ოფიციალურად არ აუკრძალიათ რუსებისთვის გამოსვლა, ისე მოხდა, თითქოს, თავად რუსმა ძიუდოისტებმა არ მოინდომეს ტურნირებზე გამოსვლა. შემდეგ იყო გამონაკლისიც, როცა რუსებმა მონღოლეთში მონაწილეობა მიიღეს. დაძაბულობამ კულმინაციას მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიაღწია, უკრაინა და სხვა ქვეყნები ბოიკოტით დაემუქრნენ IJF-ს და ისიც იძულებული გახდა სანქციები მიეღო.

სოკ-ის პრეს-რელიზიდან მეორე დღესვე IJF-ს ოფიციალურ საიტზე დაიდო სტატია სათაურით: "სპორტი უდრის მშვიდობას", რომელშიც პრეზიდენტი მარიუს ვიზერი რუსი სპორტსმენების დაბრუნების მომხრეა: "რუსი და ბელარუსი ძიუდოისტების საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნება უტყუარ არგუმენტებს ეყრდნობა. ოლიმპიური ქარტიის უმთავრესი პრინციპი სწორედ ისაა, რომ მონაწილეობა ყველას შეუძლია". ვიზერი ამტკიცებს, რომ რუს ძიუდოისტებს არასდროს გამოუხატავთ უკრაინაში ომის მხარდაჭერა. მოკლედ, საერთაშორისო ძიუდოში მათ დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ, თუმცა ამას შესაძლოა, უკრაინის და სხვა ევროპული ქვეყნების პროტესტი მოყვეს და საერთაშორისო ძიუდოს კალენდარი ჩიხში შევიდეს.
სამაგიეროდ, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა მკაცრად განაცხადა, რომ რუსებს კრაკოვში ევროპის 2023 წლის თამაშებზე არავინ ელის, რაც უნდა მოხდეს, ეს არ შეიცვლება. ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციამ ასევე გამოაცხადა, რომ რუსებს უკან არ დააბრუნებენ, თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაიშვებიან, თუმცა სოკ-ის წინადადებას შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.

ამასობაში აზიის ოლიმპიური საბჭო ახლავე ეპატიჟება რუსებსა და ბელარუსებს აზიის თამაშებზე, რომელიც 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ჩინეთში გაიმართება.
კომენტარები