Thumbnail

პორტუგალიის გრან პრი | გიორგი სარდალაშვილი უმედლოდ დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი სარდალაშვილმა სედრიკ რევოლთან გაფრთხილებებით წააგო
  • საქართველოს ნაკრებისთვის პირველი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დასრულდა

პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოისტთა წლის პირველი ტურნირი დაიწყო. გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატიმიზე საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტი გავიდა და მედლის მოპოვება ვერცერთმა მოახერხა.

მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) იყო, რომელმაც ნახევარფინალამდე შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა, ბოლო ორი ბრძოლა წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი ძიუდოისტი ფრანგ სედრიკ რევოლს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა.

19 წლის სარდალაშვილმა, რომელმაც 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო, ალმადაში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ნიდერლანდელ ემიელ იარინგს იპონით სძლია, 1/8-ფინალში კი მასპინძელ რიკარდო პირესს ბოჭვით აჯობა. გიორგი 1/4-ფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა ეფექტური იპონით მოუგო. ლესიუკი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა ბოლომდე იბრძოლა, გაუთანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. 2-2 შიდოს მიღების შემდეგ, სარდალაშვილმა მეტოქე მე-4 დამატებულ წუთზე, კონტრილეთით დააგდო. ნახევარფინალში სარდალაშვილის მეტოქე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იყო, რომელმაც მანამდე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძეს აჯობა. გამოცდილმა ესპანელმა გიორგის დამარცხება მოახერხა - ბრძოლის მეორე წუთზე, პარტერში, მახრჩობელა ილეთის გაკეთება დაიწყო და სარდალაშვილიც იძულებული გახდა, დანებებულიყო.


დღესვე ტატამიზე კიდევ 2 ქართველი გავიდა: 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში განთესილი იყო დებიუტანტი იპოლიტე აქუბარდია, რომელიც მეორე წრეში უზბეკ ბობურ ვაჯიევთან დამარცხდა. საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი მეტოქემ შებოჭა. ამავე წონაში მოგებით დაიწყო გამოსვლა გიორგი თუთაშვილმა, რომელმაც ვაზარით ეკვადორელ ლენინ პრესიდოს აჯობა, მაგრამ მეორე წრეში უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს ვეღარ გაუმკლავდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში მიღებული მესამე გაფრთხილებით წააგო.

ალმადას გრან პრიზე, რომელშიც 81 ქვეყნის 545 მონაწილე დარეგისტრირდა, საქართველო 12-კაციანი გუნდით წარსდგა. 28 იანვარს ტურნირში მედლები კაცთა 73 და 81, ხოლო ქალთა 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, საქართველოს ნაკრებიდან კი სამი ძიუდოისტი იასპარეზებს - ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73) და ზაურ დვალაშვილი (-81).

კომენტარები

ბოლო ამბები