Thumbnail

ფინეთის ქალაქ ესპოოში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ტურნირზე ყინულზე ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქართული წყვილი ჩაერთო. რითმულ ცეკვებში 23 დეუტი გამოვიდა, რომელთაგანაც 20 მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ რითმულ ცეკვებში 68.55 ქულა მიიღეს (38.72 ქულა ტექნიკურ სეგმენტში, 29.83 - პროგრამულში. ეს შედეგი მე-8 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ქართული დუეტი წინა, მე-7 ადგილზე მყოფ ფრანგულ წყვილს ზუსტად 4 ქულით ჩამორჩება. პირველ ადგილზე იტალიელები არიან (შარლინ გინარდი/მარკო ფაბრი) - 85.53 ქულა. 84.12 ქულით მე-2 ადგილზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ლილია ფეერი და ლუის გიბსონი არიან. მესამეზეა ფინური დუეტი (იულია ტურკილა/მატიას ვერსლუისი), მათ 77.56 ქულა დააგროვეს. 

კაზაკოვასა და რევიას დუეტი ევროპის ჩემპიონატებზე მეორედ ასპარეზობს, პირველად, 2020 წელს მათ მე-14 ადგილი დაიკავეს. 

20 საათიდან ესპოოს ყინულზე ვაჟები თავისუფალ ციგურაობაში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ ნიკა ეგაძე 72.96 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ხოლო მორის ყვითელაშვილი 70.55 ქულით მე-16-ეა. 

28 იანვარს ასპარეზობის ბოლო დღეა, ტურნირს ყინულზე ცეკვები დაასრულებს, მანამდე კი ქალთა თავისუფალი ციგურაობაა, სადაც ლიდერი საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვაა - 69.81 ქულა. ანასტასია ყინულზე 24 მონაწილეს შორის ბოლო გავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები