- NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხმის მიცემა დასრულებულია
- სტარტერები გაირკვა: ზაიონი არის, ემბიიდი - არა!
17-19 თებერვალს, სოლტ ლეიკ სიტიში NBA-ს ოლ სტარის უიქენდია, რომელსაც ყველა ვარსკვლავის მატჩი დაასრულებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ხმის მიცემის შემდეგ გაირკვა ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულების და კაპიტნების ვინაობა.
სტარტერები დასავლეთ კონფერენციიდან: ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეან პელიკანსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი), ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი).
სტარტერები აღმოსავლეთ კონფერენციიდან: კევინ დურანტი (ბრუკლინ ნეტსი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი), დონოვან მიტჩელი (კლივლენდ კავალიერსი), კაირი ირვინგი (ბრუკლინ ნეტსი).
მატჩის მონაწილე 10 კალათბურთელი ფანების (50%), კალათბურთელების (25%) და ჟურნალისტების (25%) ხმებით გაირკვა. რეზერვისტებს კი მწვრთნელები 2 თებერვალს შეარჩევენ. აღსანიშნავია, რომ წესი 2017 წლიდან შეიცვალა, მას მერე, რაც კინაღამ სტარტერებში ზაზა ფაჩულია მოხვდა, ძირითადად, ქართველი გულშემატკივრების წყალობით. მაშინ ზაზას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა, მეორე წელს ფაჩულიამ საკმაოზე მეტი ხმა მიიღო (კვლავ ძირითადად, ქართველი ფანების აქტიურობის შედეგად), მაგრამ ახალი წესის გამო, ოლ სტარში მაინც ვერ მოხვდა.
სხვათა შორის, წლევანდელ გამოკითხვაში ხმები ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს - მილუოკი ბაქსის ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა და ინდიანას ცენტრმა გოგა ბითაძემ.
გოგა ბითაძეს კალათბურთელებისგან ხმები არ მიუღია, მაგრამ ფანებისგან 1 833 ხმა მიიღო, რაც აღმოსავლეთ კონფერენციის ფორვარდებში 99-ე შედეგია. რა თქმა უნდა, მას ხმები არც მედიისგან მიუღია.
კალათბურთელებსა და მედიას არც სანდრო მამუკელაშვილისთვის მიუციათ ხმები, ფანებიდან კი სანდრომ 1 240 ხმა მიიღო, რაც 115-ე შედეგია. სხვათა შორის, ერთმაც და მეორემაც ბევრ ისეთ კალათბურთელზე მეტი ხმა მიიღო, რომლებიც ქართველებზე მეტს და უკეთ თამაშობენ ასოციაციაში.
სხვათა შორის, ზოგიერთი კალათბურთელი საქმეს არასერიოზულად მიუდგა, მაგალითად, ჩეტ ჰოლგრენმა NBA-ს 4 კალათბურთელის ხმა მიიღო, არადა, ახალბედას ჯერ ასოციაციაში არც უთამაშია.
კომენტარები