- ანტონიო კორბოს აზრით, ნაპოლისთვის ხვიჩა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიქტორი
- მისი აზრით, როდესაც ქართველი მოედანზეა, ნიგერიელის შესაძლებლობები ორმაგდება
- 'ფლორენტინო პერესი მზადაა, სიგიჟე ჩაიდინოს' - ესპანური მედია კვარა-ოსიმენზე
ნაპოლი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს - ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი სკუდეტოს მოგებასთან ახლოსაა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია გასული, ამაში კი უდიდესი წვლილი გუნდის ორ ლიდერს მიუძღვის: ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს.
ცნობილმა იტალიელი ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ Radio Marte-სთან ნეაპოლის გუნდზე საუბრისას ქართველი და ნიგერიელი შემტევები ერთმანეთს შეადარა.

"ვინ უფრო მნიშვნელოვანია ნაპოლისთვის, ვიქტორ ოსიმენი თუ ხვიჩა კვარაცხელია? ქართველი, რადგან როდესაც ის თამაშობს, ნიგერიელის პოტენციალი ორმაგდება. ცენტრში თავისი მოქმედებებით, უსაზღვრო ფანტაზიით, ინიციატივებითა და თამაშის გარდატეხის უნარით, კვარა ოსიმენის შესაძლებლობს აძლიერებს. ის სწორედ ამით განსხვავდება ელიფ ელმასისაგან.
აღვნიშნავ იმასაც, რომ როდესაც კვარა არ თამაშობს, მოედანზე თავდასხმაში აუცილებლად უნდა იყოს სიმეონე, რათა ოსიმენს დაეხმაროს. ამ უკანასკნელისთვის მნიშვნელოვანია თანაგუნდელის დახმარება. ამ მხრივ არ გამოდგება ზიელინსკი", - ამბობს კორბო, რომელმაც ცოტა ხნის წინ The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ტოპ 100 ფეხბურთელის რეიტინგსაც გამოეხმაურა.

ჟურნალისტი უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ინგლისური გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიასა (მე-40 ადგილი) და ვიქტორ ოსიმენზე (52-ე) მაღალ პოზიციაზე სერია A-ს სხვა ფეხბურთელები მოხვდნენ: რაფაელ ლეაო (მილანი, 23-ე), ოლივიე ჟირუ (მილანი, 30-ე) და ანხელ დი მარია (იუვენტუსი, 38-ე).
"ამ რეიტინგს მე არ ვეთანხმები. მაგალთად, ლეაო ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, ინგლისური ტაბლოიდი კი მას ნაპოლის ტალანტებზე მაღლა აყენებს", - აქვეყნებს კორბოს სიტყვებს იტალიური მედია.

21 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნეაპოლში შარშან ზაფხულში, დინამო ბათუმიდან გადაბარგდა, მოკლე დროში იქცა არა მხოლოდ ნაპოლისა და სერია A-ს, არამედ მთლიანად ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.
ქართველი გარემარბისა და ნიგერიელი ცენტრფორვარდისგან შემდგარი წყვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი შემტევი დუეტია ევროპაში. პირველს ყველა ტურნირის 20 მატჩში 9-9 გოლი და საგოლე პასი (პლუს მოპოვებული 3 პენალტი) აქვს, მეორეს კი - 19 თამაშში 14 გოლი და 4 პასი.
კომენტარები