Thumbnail
  • არინა საბალენკა 4:6, 6:3, 6:4 ელენა რიბაკინა
  • 24 წლის ბელარუსმა დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად ითამაშა
  • არინა საბალენკამ ტურნირში მხოლოდ ერთი სეტი დათმო და ისიც ფინალში

24 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა (5) დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და გამარჯვება იზეიმა. საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი, ყაზახეთის სახელით მოთამაშე 23 წლის ელენა რიბაკინა (22) დაამარცხა. 

შეხვედრამ 2 საათსა და 29 წუთს გასტანა. პირველი სეტი მოსკოვში დაბადებულმა რიბაკინამ მოიგო, თუმცა მომდევნო ორი ბელარუსის აშკარა უპირატესობით წარიმართა. საბალენკამ 17 ეისი მოაწოდა, დაუშვა 7 ორმაგი შეცდომა და 13-იდან 3 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რიბაკინას სტატისტიკა 9 ეისი, ერთი ორმგაში შეცდომა, 7-იდან 2 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. ბელარუსმა 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ყაზახეთის წარმომადგენელმა - 22.

აქამდე დიდი სლემის ტურნირებზე არინა საბალენკას ყველაზე დიდი მიღწევა ნახევარფინალებში თ ამაში იყო - აშშ-ის ღია პირველობასა (2021 და 2022 წლებში) და უიმბლდონზე (2021 წელს).  უშუალოდ Australian Open-ზე, სადაც მეექვსედ ითამაშა, ბელარუსის მაქსიმუმი აქამდე მე-4 წრე იყო, წელს კი არინამ ფინალამდე ზედიზედ 6 მატჩი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არავის დაუთმო.

ბელარუსი ჩოგბურთელის სიხარულის ემოცია 

აღსანიშნავია, რომ საბალენკამ რიბაკინას ოფიციალურ შეჯიბრებებში ზედიზედ მეოთხედ აჯობა და ყველა ჯერზე - სამ სეტში. გამარჯვებისთანავე, ბელარუსი ჩოგბურთელი კორტზე დაწვა და სიხარულისგან ატირდა. 

"ელენა, მადლობა შენ და შენს გუნდს ბრწყინვალე ტურნირისთვის. არაჩვეულებრივი მოთამაშე ხარ და რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის, იმედია, დიდი სლემის ტურნირების ფინალებში. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, მსაჯებს, მაყურებლებს - სასიამოვნო იყო თქვენს წინაშე ორი კვირის განმავლობაში ყოფნა. და რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდი ჩემს გუნდს. ბოლო წლებში ბევრი ჩავარდნა დავძლიეთ, ბოლო სამი წელი კი მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ. ეს ტიტული ჩემზე მეტად თქვენ დაიმსახურეთ!”, - თქვა ბელარუსმა ფინალის შემდეგ.

არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის 1 998 278 აშშ დოლარს და 2 ათას სარეიტინგო ქულას მიიღებს, შედეგად კი WTA-ს განახლებულ რეიტინგში მეორე პოზიციას დაუბრუნდება.

საბალენკამ რიბაკინას ოფიციალურ შეჯიბრებებში ზედიზედ მეოთხედ მოუგო

2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ვაჟთა ფინალი 29 იანვარს გაიმართება. მელბურნში ერთმანეთის პირისპირ დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული, 35 წლის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და 24 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი წარსდგებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები