Thumbnail

PREVIEW | ფინალი, რომელსაც ნოლე არ აგებს - ეს ციციპასის კარიერის მატჩია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი სტეფანოს ციციპასს შეხვდება
  • გამარჯვების შემთხვევაში, სერბი მოგებული გრანდ სლემებით რაფაელ ნადალს დაეწევა
  • ჩოგბურთელებს შორის გამართულ შეხვედრებში წინ ნოვაკია - 10:2

კვირას, თბილისის დროით 12:30 საათზე. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი (4) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (5) დაუპირისპირდებიან. მელბურნის კორტებზე ორივე ჩოგბურთელმა მაგარი თამაში აჩვენა და ტურნირის საბოლოო მატჩში სასწორზე ოცნებები და მიზნები დევს. 

ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 22-ე სლემის მოგება სურს და თუ მიზანს მიაღწია, ამ მაჩვენებლით კაც ჩოგბურთელებს შორის რაფაელ ნადალს დაეწევა, ხოლო სპორტის ისტორიაში მესამე ადგილზე ესპანელსა და შტეფი გრაფთან ერთად გადავა, წინ მხოლოდ მარგარეტ კორტი (24) და სერენა უილიამსი (23) იქნებიან. 

თუ ბერძენი გააკეთებს იმას, რაც აქამდე ვერავინ შეძლო და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაამარცხებს, ეს სტეფანოსისთვის კარიერაში პირველი გრანდ სლემის ტიტული იქნება. სპორტსმენებს შორის ჩატარებული 12 მატჩიდან 10 სერბმა მოიგო, მათ შორის 2021 წლის როლან გაროსის ფინალი, რომელშიც ციციპასს 2 სეტით ჩამორჩებოდა. 

2021 წლის როლან გაროსის დაჯილდება

წინ რომ ძალიან საინტერესო დუელი გველის, ამაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ 2023 წელს ორივე ჩოგბურთელი დაუმარცხებელია. ციციპასმა საბერძნეთის სახელით გაერთიანებულ თასზე ითამაშა და 4 მატჩი მოიგო: გრიგორ დიმიტროვის, დავიდ გოფინის, ბორნა ჩორიჩისა და მატეო ბერეტინის წინააღმდეგ. ჯოკოვიჩმა კარიერაში 92-ე ტიტული ადელაიდში მოიპოვა და ღია ერაში მოგებული ტურნირების რაოდენობით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. წინ ჯიმი კონორსი (109), როჯერ ფედერერი (103) და ივან ლენდლი (94) არიან. ნოვაკმა მონაწილეობა გრანდ სლემების 69 ტურნირში მიიღო, ფინალში გასვლა 33-ჯერ მოახერხა და კაც ჩოგბურთელებს შორის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 

თაობათა კვეთაში სტეფანოს ციციპასი 2011 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც Australian Open-ის ფინალში გასვლა შეძლო. 12 წლის წინ ეს ნოვაკმა მოახერხა და ფინალში ენდი მარის მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბერძნისთვის ეს კარიერაში გრანდ სლემის მეორე ფინალია და მსგავსი რამ მოქმედი ჩოგბურთელებიდან მხოლოდ ცხრამ შეძლო: ჯოკოვიჩმა (33), ნადალმა (30), მარიმ (11), დანილ მედვედევმა, დომინიკ ტიმმა, სტანისლას ვავრინკამ (4), მარინ ჩილიჩმა (3) და კასპერ რუდმა (2). 

ფინალის წინ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კარიერაში არცერთ ტურნირზე გრძნობს თავს ციციპასი ისე კომფორტულად, როგორც მელბურნში, სადაც მას უამრავი ფანი ჰყავს. პლუს, სტეფანოსს არცერთ გრანდ სლემზე არ მოუგია იმდენი შეხვედრა, რამდენიც ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოახერხა და თუ ჯოკოვიჩს დაამარცხებს, გამარჯვებებს 50-მდე დაამრგვალებს. 

თუმცა, ბერძენი სერბის ავსტრალიაში მიღწეულ შედეგებთან ახლოსაც ვერ მივა. Australian Open ყველაზე მეტჯერ ნოვაკს აქვს მოგებული. ფინალებში 4-ჯერ ენდი მარი დაამარცხა, 2-ჯერ რაფაელ ნადალი, თითო-თითო ტიტული ჯო ვილფრიდ ცონგასთან, დომინიკ ტიმსა და დანილ მედვედევთან შეხვედრებში მოიპოვა. თუ ჯოკოვიჩი ციციპასს დაამარცხებს, ჩოგბურთის ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდება, რომელიც ერთ გრანდ სლემს 10-ჯერ ან მეტჯერ მოიგებს. აქამდე ეს რაფალ ნადალმა (14 როლან გაროსი) და მარგარეტ კორტმა (11 ავსტრალიის ღია პირველობა) მოახერხეს. 

მას შემდეგ, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩი 30 წლის გახდა, ის ღია ერაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა სამჯერ მოიგო. ახლა კი, 35 წლისა და 252 დღის ასაკში, ნოვაკი 30 წლის შესრულების შემდეგ გრანდს სლემებზე მე-10 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მის გზაზე, კი 11 წლით უმცროსი სტეფანოს ციციპასი დგას. 

საინტერესო ფაქტები

🟠 2008 წელს, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო, სტეფანოს ციციპასი 10 წლის იყო. 

🟠 მას შემდეგ, რაც ბერძენი პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა, სერბმა გრანდ სლემებზე 11-ჯერ გაიმარჯვა. 

🟠 ციციპასი და ჯოკოვიჩი სლემებზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ - ორივე მატჩი სერბმა 5 სეტში მოიგო. 

🟠 ჩოგბურთელები ბოლოს ერთმანეთს ATP Finals-ზე დაუპირისპირდნენ და ‘ნოლემ’ გაიმარჯვა - 6:4, 7:6. 

🟠 სერბი ბერძენს ურთიერთშეხვედრებში 10:2-ს უგებს. ბოლო მატჩი ციციპასმა ჯოკოვიჩს 2019 წელს მოუგო - მას შემდეგ ნოვაკთან ზედიზედ 9-ჯერ დამარცხდა. 

🟠 ფინალის გზაზე ჯოკოვიჩმა ტოპ 10-ის მხოლოდ ერთ ჩოგბურთელს მოუგო (ანდრე რუბლიოვი), ციციპასს ტურნირზე ტოპ 10-ის წარმომადგენელთან არ უთამაშია. 

🟠 ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარე შეჯიბრზე ჩატარებულ 6 შეხვედრაშ ი ნოვაკმა 1 სეტი წააგო, სტეფანოსმა - 3. 

🟠ციციპასი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს ATP ტურნირების ფინალებში 5-ჯერ შეხვდნენ. ყველა მატჩი სერბმა მოიგო. 

🟠 ერთმანეთის წინააღმდეგ გრანდ სლემებზე ჩატარებულ ორ თამაშში ნოვაკმა 48 გეიმი მოიგო (საშუალოდ 24), ციციპასმა - 41 (საშუალოდ 20,5)

კომენტარები

ბოლო ამბები