- ლეიკერსი ბოსტონთან ოვერტაიმში დამარცხდა
- ლებრონ ჯეიმსი და კომპანია მსაჯზე ბრაზობენ
- არბიტრბმა აღიარეს, რომ ეპიზოდი ვერ დაინახეს
NBA-ს პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლაში ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის უკვე ყველა მოგებას და ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლებრონ ჯეიმსის გუნდი მატჩების სტაბილურად მოგებას ვერ ახერხებს, დღეს გამთენიისას კი ბოსტონ სელტიკსთან ოვერტაიმში მორიგი მტკივნეული მარცხი იწვნია - 121:125.
სანამ თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა, ისეთი რამ მოხდა, რომ მატჩის შემდეგ ყველა მხოლოდ ამ ეპიზოდზე ლაპარაკობს. მეოთხე პერიოდის ბოლოს მსაჯებმა ლებრონ ჯეიმსზე ჯარიმა არ დააფიქსირეს. ანგარიში თანაბარი იყო, როცა ლებრონმა ბოლო შეტევით მატჩის ბედის გადაწყვეტა სცადა, მაგრამ ვერ ჩააგდო, რადგან, როგორც მერე გამოჩნდა, ჯეისონ ტეიტუმმა 38 წლის სუპერვარსკვლავს ხელში ჩაარტყა. მსაჯის სასტვენი დუმდა, რამაც ლებრონი და მისი თანაგუნდელები ძალიან გააბრაზა. პატრიკ ბევერლიმ სულაც ტექნიკური ფოლი მიიღო, რადგან მსაჯს კამერისკენ მიუთითებდა და მომენტის ნახვას აიძულებდა.

“მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელს, თამაშის ბოლო ეპიზოდში აშკარა ჯარიმას არ უნიშნავენ. ეს დაუჯერებელია!” - ბრაზობდა ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი დარვინ ჰემიც, - “ლებრონი არასდროს მსახიობობს და ამის გამო ისჯება. იგივე ხდება იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ და ასეთ დღეში იყო შაკილ ო’ნილიც.”
როგორც გაირკვა, NBA-მ ლეიკერსს უკვე აცნობა, რომ იმ ეპიზოდში ნამდვილად ჯარიმა იყო და მსაჯებმა ის მომენტი ვერ დაინახეს. ეს არბიტრმა ერიკ ლუისმაც დაადასტურა: “ჩვენ მართლაც ვერ დავინახეთ.”
ენტონი დევისისთვის ეს არაფერს ნიშნავს: “ის, რაც მოხდა, არის Bullshit და შესაბამისად, მიუღებელია. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს მსაჯები ამ სიტუაციიდან დაუსჯელები გამოძვრებიან. დღეს მოგვატყუეს და მოგება წაგვართვეს. ეს უბრალო Touch Foul-იც კი არ ყოფილა, კი არ შეეხო, ხელში ჩაარტყა!” - აღნიშნა დევისმა, რომელმაც ტრავმის შემდეგ ისევ სკამიდან ითამაშა და შეხვედრაში 16 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
მსაჯების დასჯას ითხოვს დენის შრიოდერიც: “ასეთი შეცდომისთვის მსაჯები უნდა დაისაჯონ. როცა შეცდომებზე ვრეაგირებთ, ჩვენც ხომ ვიღებთ ხოლმე ტექნიკურ ჯარიმებს? გამეორების ცენტრს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან სიტუაციაში, როგორიც ეს იყო. ასეთი შემთხვევები ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს. მიზნების მისაღწევად ჩვენ თითოეული გამარჯვება გვჭირდება. მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 თამაში წავაგეთ მსაჯების შეცდომების გამო.” - დაპოსტა გერმანელმა.

ყველასათვის გასაგები სიტყვებით ისაუბრა თვითონ ლებრონ ჯეიმსმაც: “დღეს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ და წავაგეთ ისეთი რაღაცის გამო, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს უბრალოდ აბსურდია!” - აღნიშნა ლეიკერსის ლიდერმა და დაამატა, რომ ეს ამ სეზონში პირველად არ ხდება. მან მაგალითად მოიყვანა საშინაო მატჩი დალასთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომელშიც მას პოტენციური “გეიმვინერის” დროს ასევე არ დაუფიქსირეს ჯარიმა.
ბოსტონთან ამ მარცხის შემდეგ ლეიკერსის ბალანსი 23 მოგება და 27 მარცხია, ლებრონი და კომპანია დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან. Play-In-ის ბოლო ადგილს ლეიკერსი 3 მოგებით ჩამორჩება, პირდაპირ პლეი ოფის ბოლო საგზურს კი (ახლა იქ მინესოტაა) - 4 მოგებით. ასე რომ, შანსი ჯერ კიდევ არის და საკმაოდ მაღალიც. უბრალოდ, მომდევნო ოთხი შეხვედრა ლეიკერსმა სტუმრად უნდა გამართოს. ამ მატჩებიდან პირველი ბრუკლინ ნეტსთან სტუმრობაა - 31 იანვარს.
კომენტარები