Thumbnail

"ევროპაბეთის ზამთრის თასზე" მეორე დღეც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ქართულ კიბერსპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იყო. 

WINTER CUP 2022-ის ფინალური ეტაპის მეორე დღეს 3 სახეობის ჩემპიონი გაირკვა: PUBG MOBILE, FIFA 23 და CS:GO.

გეიმინგში წლის მთავარი მოვლენის საფინალო ეტაპის მეორე დღე PUBG MOBILE-ის გრანდ ფინალით გაიხსნა. PUBG MOBILE "ზამთრის თასზე" წელს ყველაზე მასშტაბური სახეობა იყო. შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე 16-მა გუნდმა ითამაშა. ტიტულის დასაცავად გამოვიდა შარშანდელი ჩემპიონი ALPI. საინტერესოა, რომ გრანდ ფინალში მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის გუნდი - KZ ESPORTS-იც იღებდა. ზურიკომ თავის გუნდს გასამხნევებლად ვიდეო გამოუგზავნა და მათ წარმატებები უსურვა. საბოლოო ჯამში KZ ESPORTS-მა გრანდ ფინალი მესამე ადგილზე დაასრულა.

"ზამთრის თასზე" PUBG MOBILE-ის გრანდ ფინალის გამარჯვებული წელსაც ALPI გახდა. გუნდი მთელი ასპარეზობის განმავლობაში დომინირებდა და პირველი ადგილი არავის დაუთმო. ტურნირის MVP კი ამავე გუნდის მოთამაშე გიორგი ქერელაშვილი გახდა, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა.

"ტურნირის მიმდინარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე, როგორც შარშან, წელსაც ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა ყველაფერი. ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაცები გავაუმჯობესეთ, რადგან ვიცოდით, რომ სხვა ქართული გუნდებიც მოუმატებდნენ და ეს ასეც იყო. მაღალი კონკურენცია იყო და ეს თამაშის მიმდინარეობის დროსაც ჩანდა. ყველა გუნდი თანაბრად მივდიოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ გამარჯვება", - თქვა ALPI-ის გუნდის კაპიტანმა ნიკოლოზ შარაშიძემ.

ALPI-იმ "ზამთრის თასი" ზედიზედ მეორედ მოიგო.

დასკვნითი დღის მეორე სახეობა ბევრისთვის საყვარელი FIFA 23 იყო. ამ სახეობაში წელს "ზამთრის თასზე" შეჯიბრება FUT რეჟიმში ჩატარდა. გრანდ ფინალში ერთმანეთს ორი უძლიერესი მოთამაშე გიორგი გოგოლი და დათუნა ბერია დაუპირისპირდნენ.

ტურნირის ჩემპიონი ის მოთამაშე გახდებოდა, რომელიც პირველი შეძლებდა 2 მატჩის მოგებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფლეიერი საკმაოდ ძლიერია, "ზამთრის თასზე" FIFA 23-ის გრანდ ფინალში გიორგი გოგოლის სრული დომინაცია ვიხილეთ. Monaspa-ს წევრმა გოგოლმა მეტოქეს გოლი არცერთ შეხვედრაში არ გაატანინა (1:0, 2:0) ორი შეხვედრა მოუგო და “ზამთრის თასის” ჩემპიონი გახდა.

"ალბათ, ამ FIFA-ში ჩემი საუკეთესო თამაში ჩავატარე. თითქმის უშეცდომოდ ვითამაშე. ველოდი, რომ დაცვაში ასე კარგად ვითამაშებდი, მაგრამ დათუნასგან უკეთეს წინააღმდეგობას ველოდი. არ მეგონა, ასე მარტივად თუ გავიმარჯვებდი. ალბათ ნერვიულობის ფაქტორი იყო და დათუნამ ამიტომ ვერ ითამაშა, რადგან ბევრად ძლიერია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, უკეთეს შედეგებს დადებს. FIFA-ში ერთი-ერთზე ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. ამიერიდან მთლიანად ორი-ორზე თამაშზე გადავერთვები", - ეს გიორგი გოგოლის სიტყვებია.

გიორგი გოგოლმა მეტოქეს ორი შეხვედრა მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა

"ევროპაბეთის ზამთრის თასის" წლევანდელი ტურნირი CS:GO-ს გრანდ ფინალით დაიხურა. ტურნირზე Monaspa-სა და Protos-ის არყოფნაში მთავარ ფავორიტებად Ufg და Sprenty მოიაზრებოდნენ, რომლებმაც მოლოდინი გაამართლეს და ფინალში გავიდნენ. საერთოდ, Sprenty "ზამთრის თასისთვის" შეიქმნა, ხოლო Ufg 2017 წლიდან არსებობს.

გამარჯვებული აქაც პირველი ის გუნდი გახდებოდა, რომელიც პირველი შეძლებდა 2 თამაშის მოგებას. CS:GO-ს გრანდ ფინალი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. პირველი შეხვედრა Ufg-მ 16:11 მოიგო და სერიაში დაწინაურდა. მეორე დაპირისპირება ძალიან კარგად დაიწყო Sprenty-მ, რომელიც მეტოქეს ერთი პერიოდი 13:4 უგებდა, თუმცა Ufg-ს წევრებმა საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზეს მეორე შეხვედრა 16:14 მოიგეს და ჩემპიონობა მოიპოვეს (სერიის ანგარიში 2:0). ტურნირის MVP გამარჯვებული გუნდის კაპიტანი გიორგი კოშაძე გახდა.

"ჩემი გუნდის ასპარეზობას 10-დან 10-ით შევაფასებდი. პლეი ოფში წავაგეთ და ფინალში უფრო რთული გზით მოვხვდით. დასალაგებლად და შეცდომების გასააზრებლად 1 თვე გვქონდა და ამ თვის განმავლობაში დღე არ ჩაგვიგდია, ფინალისთვის ვემზადებოდით. სიმართლე გითხრათ, ერთი წამითაც არ მეგონა, რომ ამ თამაშს წავაგებდით, რადგან ჩემი გუნდის მჯეროდა. მეტოქემ თავი არ დაზოგა, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა. ასეთი ტურნირები იშვიათად ტარდება და არ ვართ განებივრებულები ამით, ძალიან კარგი იყო. ტურნირი იდეალურად ჩატარდა", - თქვა Ufg-ის კაპიტანმა გიორგი კოშაძემ.

Ufg-მ ტურნირი სერიაში დაუმარცხებლად მოიგო

"ევროპაბეთის ზამთრის თასის" წლევანდელ ტურნირზე გამარჯვებულები 7 სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. ქართულ კიბერსპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირი ზედიზედ მეორე წელია ტარდება და ქართველ კიბერსპორტესმენებს განვითარებისა და თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს.

ევროპაბეთის ზამთრის თასის გამარჯვებულები

TEKKEN 7 - გუგა ირემაშვილი (Team Protos).
eFootball - რატი ნანავა.
NBA 2K - ალექსანდრე ურუშაძე.
DOTA 2 - Monaspa.
PUBG MOBILE - ALPI
FIFA 23 - გიორგი გოგოლი
CS:GO - Ufg

WINTER CUP საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა. თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვა ევროპოპისა და CYBER TV-ის YOUTUBE არხებზე იყო შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები