- სტეფანოს ციციპასი 3:6, 6:7 (4:7), 6:7 (5:7) ნოვაკ ჯოკოვიჩი
- სერბმა კარიერაში 22-ე დიდი სლემი მოიგო და რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა
- ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა
- ნოლემ ამ ტრიუმფით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსიც დაიბრუნა
- კარიერის უდიდესი გამარჯვება? ჯოკოვიჩის ცრემლები და ემოციური სიტყვები
Game, Set – Djokovic!
შარშანაც სკანდალი, წელსაც. ანტივაქსერი პუტინის ფოტოებიან სერბებთან მოზეიმე მამით. მაგრამ შეუჩერებელი. შ ე უ ჩ ე რ ე ბ ე ლ ი! მით უმეტეს მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე. ეს მისი ტურნირია. პირადად მისი. მელბურნში მეათე ფინალი ითამაშა და მეათედ მოიგო! 10-დან 10.

სერბმა არა მარტო წლის პირველი დიდი სლემი მოიგო, არამედ მსოფლიოს პირველი ჩოგანიც გახდება. თუმცა ჯოკოვიჩისთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ მწვერვალზე დაბრუნება. აი, ციციპასს კი შეეძლო, პირველად ეწოდებინა საკუთარი თავისთვის მსოფლიოს პირველი ჩოგანი.
ბერძენისთვის ეს დიდი სლემის მხოლოდ და მხოლოდ მეორე ფინალი გახლდათ - მან პირველიც ჯოკოვიჩთან წააგო (2021 წელს, როლან გაროსის ფინალი).
სერბს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი არასდროს წაუგია: მელბურნში ფინალში მეათედ გავიდა და მეათედ მოიგო! ამით მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ჯოკოვიჩმა ფინალიც ზუსტად ისეთივე თავდაჯერებით დაიწყო, როგორც წინა მატჩებში დომინირებდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ სეტში სჯობდა მეტოქეს. ციციპასმა სეტისთვის ზედმეტად ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა (11, ჯოკოვიჩმა 7). პირველი სეტის ბედი მეოთხე გეიმის ბრეიკმა გადაწყვიტა - ნოლემ 6:3 მოიგო.
სერბისთვის მეორე სეტი ასეთი ადვილი აღარ ყოფილა, თუმცა ციციპასის ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახა. მიუხედავად რამდენიმე დაძაბული გეიმისა, მეორე სეტში ერთი ბრეიკიც კი არ შესრულებულა. ნერვიულად წარმართული ტაიბრეიკი კი სათავისოდ ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, რადგან ციციპასზე ნაკლები შეცდომა დაუშვა. მთელ მეორე სეტში სერბმა ბერძენზე მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით მეტი აიღო (41:40) და მეტწილად იმით ისარგებლა, რომ ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა (11:17).

მიუხედავად ისედაც უდიდესი გამოცდილებისა, ჯოკოვიჩისთვის ეს დიდი სლემი კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოცდილება იყო. აცრის, უფრო სწორად აუცრელობის შარშანდელი სკანდალი, ტურნირის მიმდინარეობისას ტრავმაზე დისკუსიები, მამამისის სკანდალური ვიდეო, რომელშიც პრორუსულ სიმბოლოებთან და პრორუსულ შეძახილებთან ერთად გამოჩნდა - ჯოკოვიჩს ზედმეტად ბევრი ხმაური დასდევს.
კომენტარები