Thumbnail

ისტორიული გამარჯვება, მერე კი ძალიან ემოციური, დაუვიწყარი სცენები მელბურნიდან.

სტეფანოს ციციპასთან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ტრიუმფის გაფორმების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტრიბუნის საკუთარ განყოფილებაში აძვრა და ემოციების შეკავება აღარც უცდია. სერბმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამ გამარჯვებით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა (22 დიდი სლემი კარიერაში), ბევრი იტირა. ტიროდა დიდხანს და ძალიან ემოციურად, ძირს დაწოლილი, საკუთარი დედის მკლავებში. ტიროდა ყველა, ვინც როდ ლეივერ არენაზე მას ქომაგობდა.

ემოციური გამოვიდა დაჯილდოების ცერემონიაც. ნოლემ ამ ტრიუმფს “კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვება” უწოდა.

“თუკი ყველა გარემოებას გავიხსენებთ, ეს ტურნირი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იყო. შარშან აქ ყოფნა და თამაში არ შემეძლო, ახლა დავბრუნდი… სავარაუდოდ, ეს ჩემი უდიდესი გამარჯვებაა.” - აღნიშნა ჯოკოვიჩმა ტრიუმფის შემდეგ.

“ის ყველაზე დიდია მათ შორის, ვისაც ხელში ჩოგანი სჭერია. შენ მეც მაუმჯობესებ!” - ეს კი ციციპასის სიტყვებია დაჯილდოების ცერემონიიდან.

ჯოკოვიჩი: “სტეფანოსის სიტყვებმა გული ამიჩუყა, დიდი მადლობა ამისთვის. კორტზე კონკურენტები ვართ, მაგრამ კორტს მიღმა ერთმანეთს პატივს ვცემთ და ერთმანეთს ვაღიარებთ. სტეფანოს, მინდა გითხრა, რომ ეს ნამდვილად არ იყო შენი ბოლო ფინალი დიდი სლემის ტურნირზე. წინ კიდევ ბევრი დრო გაქვს.”

ციციპასი: “არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ის, რაც შენ შეძელი, ყველაფერზე თავად მეტყველებს, ნოვაკ. გილოცავ შენც, შენს ოჯახს და შენს გუნდს.” 

აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე არ ყოფილა ნოლეს მამა, სრდიან ჯოკოვიჩი, რომელიც ამ კვირაში სკანდალში გაეხვა და არც ნახევარფინალს დასწრებია. როგორც იცით, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ ზეიმობდა ჯოკოვიჩის მამა პრორუს სერბ ფანებთან ერთად, რომლებსაც ვლადიმირ პუტინის ფოტოებს და პრორუსულ სიმბოლიკას აფრიალებდნენ.


ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის პირველი დიდი სლემის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში 22-ე დიდი სლემი მოიგო. ამით ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა, რომელსაც დიდი სლემის ტურნირები ასევე 22-ჯერ აქვს მოგებული. უშუალოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ჯოკოვიჩმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - მელბურნში ეს მისი მე-10 ტრიუმფია, ათივე ფინალი მოგებული აქვს. ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსიც დაიბრუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები