Thumbnail

ალეგრი იუვეს ფეხბურთელებს: 23 ქულა გვაქვს, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსი ღრმა კრიზისშია, 15 ქულის დაკლების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტურინული გრანდი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ზონასთან.

მონცასთან საშინაო მარცხის (0:2) მერე მასიმილიანო ალეგრიმ ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა და ფეხბურთელებს შეახსენა, რომ მხოლოდ 23 ქულა აქვთ: "ასეთი ცუდი პირველი ტაიმი არასდროს გვითამაშია, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ პირველ ნახევარს კარგად უნდა ვუყუროთ და ყველამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ამან უნდა დაგვაფიქროს! 3 თამაშში ერთადერთი ქულა მოვიპოვეთ და 10 გოლი გავუშვით და ეს აღარ უნდა განმეორდეს! დღეს მეორე გოლი გაუგონარი სიმარტივით გავუშვით.

'ამან უნდა დაგვაფიქროს! 3 თამაშში ერთადერთი ქულა მოვიპოვეთ და 10 გოლი გავუშვით'

დიახ, 38 ქულა ავიღეთ, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ 23 ქულა გვაქვს. ძალიან ნელა ვითამაშეთ და რეაქცია არ გვქონდა. წაგება და გოლების გაშვება შესაძლებელია, მაგრამ არა ასე, როგორც ეს დღეს მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოედანზე უნდა ვიმუშაოთ და ვისაც ეს არ შეუძლია, ბუნებრივია, რომ გარეთ დარჩენა მოუწევს. იტალიის თასსა და ევროპალიგაზეც უნდა ვითამაშოთ, ორივე ტურნირი მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობ, რომ 38 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ დღევანდელი მარცხის მერე ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ 23 გვაქვს და გადარჩენისთვის ქულების დაგროვება გვჭირდება", - თქვა ალეგრიმ.

იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო სამ მატჩში 10 გოლი გაუშვა

იუვენტუსი 23 ქულით მე-13 ადგილზეა. ჯერ გავარდნის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ იტალიური მედიის ვარაუდი თუ გამართლდა და ქულები კიდევ დააკლეს, აი, მერე კი, შეიძლება გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს. "ბებერ ქალბატონი" სერია A-ში მომდევნო მატჩს სტუმრად 7 თებერვალს, სალერნიტანასთან ჩაატარებს, რომელიც სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, მისი კონკურენტია, რადგან მხოლოდ 2 ქულით და ერთი პოზიციით უსწრებს. თუმცა, "ბიანკონერის" მანამდე შუა კვირაში იტალიის თასის მეოთხედფინალში ლაციოსთან თამაში ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები