Thumbnail
  • ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი ფრე ითამაშა
  • იულიან ნაგელსმანი ოლივერ კანს არ დაეთანხმა

მიუნხენის ბაიერნში ყველაფერი არც ისე კარგადაა. მართალია, რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ჯერ კიდევ ლიდერობს, მაგრამ ზედიზედ მესამედ ითამაშა 1:1 (ლაიპციგთან, კიოლნთან და ახლა აინტრახტთან) და მეორე ადგილზე მყოფ ბერლინის უნიონს უკვე მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, ლაიპციგს ორით, ფრაიბურგს კი - სამით.

აინტრახტთან მატჩის შემდეგ ბაიერნის ბოსმა ოლივერ კანმა “განგაშის ზარებს შემოჰკრა”: “თვალში მხვდება, რომ ორი გუნდი არსებობს. გუნდი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო და გუნდი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაა. ახლა მშვიდად გავაანალიზებთ, რატომ ვერ გადაგვაქვს ჩვენი ცხენის ძალები გზაზე და ამ კრიზისიდანაც გამოვალთ.”

კანს ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი საჯაროდ შეეპასუხა. აი, რა უპასუხა 35 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კანის გამონათქვამზე ჩამოუგდეს სიტყვა: “მე ორ განსხვავებულ გუნდს ვერ ვხედავ. კარგ ფაზებშიც გვქონდა ისეთი ელემენტები თამაშში, როგორებიც ახლაც გვაქვს.”

სამაგიეროდ, ნაგელსმანი კანს სხვა რამეში ეთანხმება. საქმე ეხება იმ კრიზისულ ფაზას, რომელიც ბაიერნს სექტემბერში ჰქონდა, როცა ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგო. 

კანი: შემოდგომის კრიზისისგან განსხვავება თვალსაჩინოა. მაშინ ბევრ საგოლე მომენტს ვქმნიდით და უბრალოდ მომენტებს ვერ ვიყენებდით. ახლა კი ასე არ არის, საგოლე მომენტები ცოტა გვაქვს. აინტრახტთან მატჩის მეორე ტაიმში შანსი თითქმის აღარ გვქონია.”

ნაგელსმანის კომენტარი: “როცა გუნდს ზედმეტად ცოტა საგოლე მომენტი აქვს, ეს, რა თქმა უნდა, კარგი არასდროსაა. მაგრამ მე შევეცადე, ამეხსნა, რისი ბრალია ეს ყველაფერი.”

საფინალო სასტვენის შემდეგ ნაგელსმანს ნათქვამი ჰქონდა, რომ ბაიერნს ახლა თავდაჯერება აკლია: “როცა ვერ იგებ, აღარ ხარ ისეთი თავდაჯერებული, როგორიც მოგების შემთხვევაში იქნებოდი. ბევრ რამეზე გვაქვს სალაპარაკო და ვილაპარაკებთ კიდეც.”

ფაქტი ერთია: მომდევნო ტურში ბაიერნი ვოლფსბურგს სტუმრობს და თუ ზედიზედ სამი ფრის შემდეგ მოგებები არ დაიწყო, “ზებენერშტრასეზე” დენთის სუნი დატრიალდება…

კომენტარები

ბოლო ამბები