- ნაპოლი 2:1 რომა
- გოლები: 1:0 ოსიმენი (17), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)
- ხვიჩა კვარაცხელია ორი კვირის შემდეგ საგოლე პასით დაბრუნდა
ორკვირიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა! სერია A-ს მე-20 ტურში ნაპოლიმ "სტადიო მარადონაზე" რომას უმასპინძლა და კვარამ საგოლე პასით მოახერხა თავის გამოჩენა.
ტურის ცენტრალურ მატჩში პირველი საგოლე მომენტი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შექმნა, რომელმაც მცველი მოატყუა და კარგადაც დაარტყა, მაგრამ რუი პატრისიო მზად იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მე-17 წუთზე ანგარიში გაიხსნა და გოლში კვარას წვლილი დიდია, რადგან საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ საჯარიმოში მარცხენა ფეხით ჩააწოდა, მერე კი ვიქტორ ოსიმენმა იმოქმედა უნაკლოდ და ბრწყინვალე გოლით ნაპოლი დააწინაურა.

კვარაცხელიას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა ძალიან კარგ პოზიციაში მყოფმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, არადა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოოდ, სპალეტიმ ქართველი შემტევი 69-ე წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა.
75-ე წუთზე რომამ ანგარიში გაათანაბრა და ეს სტეფან ელ შაარავიმ გააკეთა, რომელმაც ირივინგ ლოსანოს დაასწორო და ახლო მანძილიდან ალექს მერეტს შანსი არ დაუტოვა. ერთ წუთში სპალეტიმ ლოსანო და ოსიმენი შეცვალა, თამაშში ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე ჩართო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
გადამწყვეტი იმიტომ, რომ სიმეონე მატჩის გმირი გახდა. არგენტინელ ფორვარდს ოსიმენის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ როცა მოედანზეა, თავისი კვალის დატოვებას ყოველთვის ახერხებს. არგენტინელმა ამჯერადაც გააკეთა თავისი საქმე და 86-ე წუთზე ძლიერი დარტყმით გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ნაპოლიმ 2:1 მოიგო და სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 21 მატჩში 9 გოლი, 11 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, კონკრეტულად სერია A-ში: 16 მატჩი, 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტი.
ნაპოლი 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ ინტერს 13 ქულით უსწრებს! მომდევნო ტურში "აძური" 5 თებერვალს, სტუმრად სპეციას დაუპირისპირდება.
საინტერესო ფაქტები
🟠 პიოტრ ჟელინსკიმ ნაპოლიში 308-ე თამაში ჩაატარა და კრისტიან მაჯოს გაუთანაბრდა. ნაპოლის ისტორიაში მატჩების რაოდენობით ისინი მე-10 ადგილს იყოფენ.
🟠 ვიქტორ ოსიმენმა უკვე გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი და 14 გოლი გაიტანა, რასაც 16 მატჩი მოანდომა. გასულ სეზონში ნიგერიელმა 14 გოლი 27 შეხვედრაში მიითვალა.
🟠 სტეფან ელ შაარავიმ სერია A-ში ნაპოლის წინააღმდეგ მე-5 გოლი გაიტანა და უფრო მეტი მხოლოდ კიევოსთვის (7) აქვს გატანილი.
ნაპოლი 2:1 რომა
გოლები: 1:0 ოსიმენი (17), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი (69. ოლივერა) - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (90. ნდომბელე) - ლოსანო (76. რასპადორი), ოსიმენი (76. სიმეონე), კვარაცხელია (69. ელმასი).
რომა (3-4-2-1): რუი პატრისიო - მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი - ჟალევსკი, კრისტანტე (89. ვოლპატო), მატიჩი (83. ტაჰიროვიჩი), სპინაცოლა (46. ელ შაარავი) - დიბალა, პელეგრინი (83. ბოვე) - აბრაჰამი.
კომენტარები