Thumbnail

ფიგურული ციგურაობა | ისტორიული ოქრო საქართველოსთვის

აქამდე საქართველოს წარმომადგენელს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული არასდროს ჰქონდა მოპოვებული. იყო მხოლოდ სამი ბრინჯაო - ორჯერ ელენე გედევანიშვილმა მოახერხა მედლის მოპოვება, ერთხელაც ეს მორის ყვითელაშვილმა შეძლო. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორია ფინეთში, გასულ შაბათს დაიწერა, სადაც ესპოოს ყინულზე 20 წლის ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ ციგურაობაში ყველას აჯობა, ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტი, ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსი და 16 წლის შვეიცარიელი სენსაცია კიმი რეპონი და ოქროს მედალი მოიპოვა. გუბანოვა საქართველოს 2021 წლიდან წარმოადგენს.

📋 | გუბანოვას გამოსვლა და კომენტარი ნახეთ აქ.

სერია A | კვარა საგოლე პასით დაბრუნდა

იტალიის ჩემპიონატში ჯერ 20 ტურია ჩატარებული, 18 დარჩენილი, მაგრამ ნაპოლის კონკურენტები უკვე ნელ-ნელა კაპიტულაციას აცხადებენ. კვირას მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ "როსონერისთვის" ამ სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაც კარგი შედეგი იქნება. უფრო ადრე რომას დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ წელს "სკუდეტო" ნაპოლის ეკუთვნის და მოიგებს კიდეც. იუვენტუსის მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმაზე საუბრობს, რომ იუვე სერია B-ში არ უნდა გავარდეს (ქულების დაკლების შემდეგ). აი, მილანის ინტერის თავკაც სიმონე ინძაგის ასეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ ინტერს ნაპოლი უკვე 13 ქულით უსწრებს. წუხელ, ხვიჩა კვარაცხელიამ და კომპანიამ რომა 2:1 დაამარცხეს და პირველ ადგილზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. 

📋 | კვარას პასი, ოსიმენის ზღაპრული გოლი და მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.

ლა ლიგა | მამარდაშვილის კარგი თამაში და სეივები

ვალენსია კრიზისიდან ვერ გამოდის. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩიდან მესამე წააგო და ალბათ ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას უნდა ველოდოთ. ლა ლიგის მე-19 ტურში ვალენსია გასვლაზე ვალიადოლიდს დაუპირისპირდა და მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, 1 ქულის წაღებაც ვერ მოახერხა. მასპინძლებმა საკუთარ მოედანზე ვალენსიელებს 2003 წლის შემდეგ პირველად მოუგეს.

📋 | მამარდას სეივები და მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.

ძიუდო | სულამანიძის ოქრო პორტუგალიიდან

პორტუგალიის გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ილია სულამანიძის აქტივშია. 100 კგ წონაში სულამანიძემ პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორინ ბოელერი, უკრაინელი ანტონ სავიცკი, ხოლო ნახევარფინალში ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ილიას მეტოქე იაპონელი დოტა არაი იყო, რომელსაც ქართველი ძალიან იოლად, წუთსა და 14 წამში გაუმკლავდა. მან ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონით გაიმარჯვა.

ჩოგბურთი | ჯოკოვიჩის 22-ე დიდი სლემი და 10/10 მელბურნში

Game, Set – Djokovic!.. შარშანაც სკანდალი, წელსაც. ანტივაქსერი პუტინის ფოტოებიან სერბებთან მოზეიმე მამით. მაგრამ შეუჩერებელი. შ ე უ ჩ ე რ ე ბ ე ლ ი ! მით უმეტეს მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე. ეს მისი ტურნირია. პირადად მისი. მელბურნში მეათე ფინალი ითამაშა და მეათედ მოიგო! 10-დან 10. სერბმა არა მარტო წლის პირველი დიდი სლემი მოიგო, არამედ მსოფლიოს პირველი ჩოგანიც გახდა. თუმცა ჯოკოვიჩისთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ მწვერვალზე დაბრუნება. აი, ციციპასს კი შეეძლო, პირველად ეწოდებინა საკუთარი თავისთვის მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

📋 | როგორ მოიგო ფინალი და როგორ იზეიმა გამარჯვება - ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები