Thumbnail

'მინდოდა, დიეგოც იქ ყოფილიყო' - ლიონელ მესიმ მუნდიალზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე საჯაროდ პირველად ილაპარაკა
  • ლეოს აზრით, დიეგო მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თასს გადასცემდა

არგენტინის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ რადიო გადაცემა, Perros della Calle-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.

მესიმ თქვა, რომ ფინალის წინ განსაკუთრებული სამზადისი და ნერვიულობა არ ყოფილა. ისე ემზადებოდნენ, როგორც სხვა მატჩებისთვის:

ფინალზე: "ფინალამდე იგივე რუტინა გვქონდა, როგორც სხვა მატჩებამდე. ძალიან მშვიდად ვიყავი, კარგად მეძინა. მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგად ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით. გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო. ბევრი კრიტიკა მივიღე, ყველანაირი. ჩემმა ოჯახმა კი ჩემზე მეტიც განიცადა, მაგრამ მოვახერხეთ კოპა ამერიკის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება".

ემოციებზე, რომელიც ფინალში გადამწყვეტი პენალტის შემდეგ დაეუფლა: "ძნელია იმის ახსნა, თუ რას ვგრძნობდი, როცა მონტიელმა პენალტი შეასრულა. ბევრი რამ გიტრიალებს გონებაში და ამავდროულად ტკბები იმ მომენტით, რასაც საბოლოოდ მიაღწიე. მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ვოცნებობდი, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე ბარსელონაში და ინდივიდუალურად".

მუნდიალი მესის კარიერის გვირგვინი იყო

ვან გაალთან და ვერგჰორსტთან მომხდარ კონფლიქტზე: "არ მომეწონა, რაც გავაკეთე, მაგრამ ეს არის დიდი დაძაბულობის, დიდი ნერვიულობის მომენტები და ამ დროს რეაგირებას ახდენ. არ მომწონს, მაგრამ ხდება და ბევრი რამ მოედანზეც მოხდა".

საჩემპიონო აღლუმზე: "სიგიჟე იყო! ნებისმიერი ასაკის ადამიანი აუხსნელად ბედნიერი იყო, ეს მათ სახეზე იკითხებოდა. ობელისკზე მყოფი ხალხი მიხვდა, რომ შეუძლებელი გახლდათ ჩვენი იქ მოხვედრა. მთელი ქვეყანა გამარჯვებას რამდენიმე დღის განმავლობაში ზეიმობდა".

დიეგო მარადონაზე: "ვისურვებდი, დიეგოს ეს ყველაფერი ენახა, რადგან მას ნაკრები ძალიან უყვარდა. ვფიქრობ, ის იქ რომ ყოფილიყო, თასს გადმომცემდა, შესანიშნავი ფოტო გამოვიდოდა. მგონია, რომ ზემოდან გვიყურებდა და დარწმუნებული ვარ, ზემოდან გვიბიძგებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს, მჯერა, რომ ბედნიერი იქნება, როგორც ყველა სხვა, ვისაც არგენტინის ნაკრები უყვარდა".

შეგახსენებთ, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ, 36-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. მესიმ კი 2021 და 2022 წლებში კოპა ამერიკა და მუნდიალი მოიგო, მანამდე კი ეროვნული ნაკრების მაისურით ტიტული მოგებული არ ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები