- უკრაინა და მის მხარდამჭერები სოკ-ის ჩანაფიქრის წინააღმდეგ ერთიანდებიან
- რუსი სპორტსმენების საკითხი - IOC-ის წინადადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განზრახვას, რომელიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში დაშვებას განიხილავს, რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინისა და მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია.
საუბარია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით, მომავალ, 2024 წელს პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე დაშვებაზე. უკრაინელებს მხარდაჭერა სწრაფად გამოუცხადა პოლონეთმა. ქვეყნის სპორტის მინისტრის კამილ ბორტნიჩუკის აზრით, ოლიმპიადაზე რუსების დაშვება წარმოუდგენელია:
"მსგავსი სცენარის წარმოდგენაც კი მიჭირს. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო კოალიციის შექმნას აპირებენ, რომელიც მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთისა და ბელარუსის დაშვებას შეეწინააღმდეგება".

იმისათვის, რათა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს განზრახვაზე ხელი ააღებინონ, უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოები ფართო კოალიციის შექმნას აპირებენ. ასეთ შემთხვევაში, თამაშების ორგანიზება შეუძლებელი გახდება.
"ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შევქმნით თუ არა ეფექტურ კოალიციას სახელმწიფოებისგან, რომელთა გარეშე ოლიმპიური თამაშები ვერ ჩატარდება", - დასძინა პოლონეთის სპორტის მინისტრმა.
უკრაინას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმაც:
"იმედგაცრუებული ვარ სოკ-ის ჩანაფიქრით, დაუშვას რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ეს პოლიტიკურად და მორალურად არასწორია. დროა, გავაძლიეროთ იზოლაცია და არა - დათმობებზე წავიდეთ რუსეთთან. სპორტი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამის იგნორირება აგრესიის მხარდაჭერას ნიშნავს", - დაწერა კაია კალასმა სოციალურ ქსელში.
ახლახან უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ოლიმპიურ ჩემპიონმა ჟან ბელენიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთთან ერთად, 40 სახელმწიფოა მზად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ულტიმატუმი წაუყენოს, რათა პარიზში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სოკ-ი საერთაშორისო ფედერაციებს აძლევდა რეკომენდაციას, არ დაეშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. სხვათა შორის, ამ რეკომენდაციას აქამდე თითქმის ყველა საერთაშორისო ფედერაცია ასრულებდა იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია).
კომენტარები