- იუვენტუსი იტალიის თასის 1/4 ფინალში ლაციოს შეხვდება
- დუშან ვლაჰოვიჩი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს
- მაქს ალეგრიმ პრესკონფერენციაზე იუვეს პრობლემებზე ისაუბრა
იუვენტუსს იტალიის თასის მეოთხედფინალში ხუთშაბათს (23:55) ლაციოსთან მატჩი ელოდება. ტურინულ კლუბს კრიზისი აქვს, სერია A-ში 15 ქულა დააკლეს და თამაშებსაც ვეღარ იგებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში ორჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, თანაც ბოლო შეხვედრა საკუთარ მოედანზე მონცას წინააღმდეგ (0:2) დათმო.
ალეგრიმ ლაციოსთან მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, სასტარტო შემადგენლობას სერბი ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩი დაუბრუნდება, ხოლო პოლ პოგბას ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს და მისი თამაში გამოირიცხა. შეგახსენებთ, ვლაჰოვიჩს “ბებერი ქალბატონის” ძირითად შემადგენლობაში ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, პოგბას - აპრილიდან.
…შემადგენლობაზე: "შემადგენლობას ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ შევარჩევ. ბონუჩის გარდა, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ვერ დაგვეხმარება პოლ პოგბაა. ვლაჰოვიჩი ძირითადიდან დაიწყებს, სხვებზე უნდა მოვიფიქრო. თამაში შეიძლება 120 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ შეცვლა მნიშვნელოვანი იქნება."
…ტრავმებზე: "ბევრ ფეხბურთელს ხანგრძლივი ტრავმა აქვს. პოგბას აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ფორმაში შესვლას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც ეს კიეზას შემთხვევაში ხდება."

…გუნდის ფორმაზე: "იუვენტუსს ბალანსი სჭირდება, რაც ბოლო რამდენიმე შეხვედრაში გვაკლდა. მონცას წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ და მეტოქის კარში ბევრჯერ დავარტყით."
…ლაციოსთან მატჩზე: ახალი სეზონი დაიწყო, ახლა კიდევ ერთი შეჯიბრი გვაქვს ჩასატარებელი. სერია A-ზე ორშაბათს ვიფიქრებთ, სალერნიტანასთან თამაშის წინა დღეს. ლაციოსთან თამაში რთული იქნება."
…დაკლებულ ქულებზე: "ქულების დაკლება არ უნდა იყოს საბაბი, ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და ის გავაკეთოთ, რაც საჭიროა. შესაძლოა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდს მინუს 15 ქულა აქვს, მაგრამ ამ სიტუაციას საუკეთესოდ უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კოპა იტალიის მოსაგებად."
იუვენტუსი ბოლო 11 სეზონში რვაჯერ გავიდა იტალიის თასის ფინალში, აქედან 5-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა. საინტერესო ისაა, რომ “ბიანკონერიმ” ამ ხუთი ტრიუმფიდან ოთხი ალეგრის ხელმძღვანელობით მოიპოვა. იუვე სერია A-ს გათამაშებაში მე-13 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 15 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები