Thumbnail

'სამ დღეში ერთხელ თამაში არ შეგვიძლია' - მოურინიო კრემონეზესთან მარცხზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოზე მოურინიოს კომენტარი იტალიის თასიდან გავარდნის შემდეგ
  • ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ნახევარფინალში ფიორენტინას შეხვდება

იტალიის თასის 1/4-ფინალში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ "სტადიო ოლიმპიკოზე" რომა სენსაციურად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ რომას ყოველ სამ დღეში სათამაშოდ შესაბამისი შემადგენლობა არ ჰყავს.

"ვულოცავ კრემონეზეს, რომელმაც ორი დიდი გამარჯვება მოიპოვა ნაპოლისა და ჩვენს წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი შარშან სერია B-ში თამაშობდნენ, ეს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელია. საშინელი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, ძალიან დაბალ დონეზე, მეორე ნახევარში კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეცდომით დავისაჯეთ. თუმცა, ჩემი გუნდისგან კარგი რეაქცია დავინახე.

ჩვენი შემადგენლობის გათვალისწინებით როტაცია ძნელია. ამიტომ კვირაში 3 თამაშის ჩატარება ერთნაირი შემადგენლობით გვიწევს. რომას შემადგენლობა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშზე ადაპტირებული არ არის. ნაპოლისთან წაგებას არ ვიმსახურებდით, შესანიშნავად ვითამაშეთ და მიუხედავად მარცხისა, ამაყი ვიყავი, რასაც ამჯერად ვერ ვიტყვი. თუმცა, ვისწავლე, რომ წაგების გამო არ უნდა ვიტირო, არამედ მომდევნო მატჩზე ვიფიქრო", - თქვა მოურინიომ.

რომამ იტალიის თასი ვერც წელს მოიგო

შეგახსენებთ, რომა სერია A-ში 20 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-6 ადგილზეა, მაგრამ მესამე პოზიციას მხოლოდ ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება კრემონეზეს, ლუკა ლოჩოშვილის გუნდი სერია A-ში მოგების გარეშე ბოლო პოზიციაზეა, თუმცა, იტალიის თასზე ნაპოლისა და რომას აჯობა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფლორენციის ფიორენტინას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები